31.03.2021
MDF-ის კვლევა, რომელიც 30 მარტს გამოქვეყნდა და სადაც ეს მიგნებები იკითხება, აჩვენებს, რომ მონიტორინგის პერიოდში ზემოთჩამოთვლილი თემებიდან პანდემიის უარყოფისა და ვირუსის წარმომავლობის საკითხები დომინირებდა. ორგანიზაციის დაკვირვებით, კორონავირუსი წარმოჩენილი იყო, როგორც გლობალური კონტროლისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების მიზნით თავსმოხვეული მოვლენა, რომელიც ხელოვნურად შექმნილია და „ციფრული დიქტატურის“ დამყარების მიზნით ვრცელდება.
“პანდემიის გამო საზღრების ჩაკეტვას, როგორც მიგრაციისა და უცხო ქვეყნების ექსპანსიის შეჩერების შესაძლებლობას, ულტრანაციონალისტური ჯგუფები პოზიტიურად განიხილავდნენ. ამასთანავე საზღრების ჩაკეტვას, როგორც ულტრანაციონალისტური „ქართული მარში“ (ირანთან და ჩინეთთან), ასევე ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, პრეზიდენტი სააკაშვილი (ჩინეთთან) ითხოვდა”, - ვკითხულობთ კვლევაში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ქსენოფობიური კონტექსტის გარდა, პანდემიას ანტიდასავლურ, ანტილიბერალურ დისკურსში ულტრანაციონალისტური ჯგუფები განიხილავდნენ, როცა კორონავირუსს ლიბერალიზმის და დასავლური ცხოვრების წესის გამო მოვლენილ ღვთის სასჯელად აცხადებდნენ.
MDF-მა 14 ფეისბუკ ჯგუფი გამოავლინა, რომელსაც, ორგანიზაციის თქმით, რამდენიმე ანტივაქსერი მართავს. ასევე, გამოავლინა 30 ყალბი პროფილი, რომელთაგან 7 თავად არის ცალკეული ანტივაქსერული ჯგუფის ადმინისტრატორი, ხოლო დანარჩენი 23 ანტივაქსერულ პოსტებს მხოლოდ აზიარებს ან აკომენტარებს.
კვლევის მიხედვით, ვაქცინებთან მიმართებით ყველაზე გავრცელებული გზავნილი ჩიპიზაციას და ბილ გეიტსის მიერ მოსახლეობის დეპოპულაციის გეგმებს უკავშირდებოდა, დომინირებდა ასევე მოსაზრება, რომ ვაქცინებს/ პრეპარატებს საქართველოს მსგავსს მესამე ქვეყნებზე ცდიდნენ.
კვლევის მიხედვით, როგორც სასულიერო პირების, ასევე ჟურნალისტების და პოლიტიკოსების ნაწილი ანტივაქსერულ განწყობებს რელიგიური მოტივით ხსნიდა და ამკვიდრებდა მოსაზრებას, რომ კორონავირუსისგან დაცვა მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ცალკეულ შემთხვევაში კი აქცენტი კეთდებოდა ქართველების განსაკუთრებულ გენეტიკაზე, რომელიც რეზისტენტული იყო კორონავირუსის მიმართ.
“ზოგიერთ შემთხვევებში ისინიც, ვინც ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, რუსული ვაქცინის უპირატესობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რაც ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრიზმიდან განხილვაზე მეტყველებს და ყველაზე მკაფიოდ კრემლთან დაკავშირებული მედიების შემთხვევაში გამოვლინდა. რუსული ვაქცინის ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით კრემლის მიერ დაფუძნებული „სპუტნიკი“, ერთი მრივ, Sputnik V-ის უპირატესობის წარმოჩენას ცდილობდა, ხოლო მეორე მხრივ, ამკვიდრებდა აზრს იმის შესახებ, რომ დასავლური ვაქცინები არასაიმედოა, ხოლო რუსულ ვაქცინაზე დასავლეთი პოლიტიკური მოტივით ამბობს უარს”.
MDF-ის დაკვირვებით, „სპუტნიკის“ მსგავსად, სხვა კრემლისტური ქართული მედიასაშუალებებიც ქმნიდნენ დიქოტომიას, რომლის ერთ მხარეზე პანდემიასთან გამკლავებაში დაწინაურებული რუსეთი და ჩინეთი იდგნენ, რომლებიც სხვა ქვეყნებს დახმარების ხელს უწვდიდნენ, მეორე მხარეს კი დასავლეთი, რომელიც არც სხვა ქვეყნების მიმართ იყო სოლიდარული და არც პანდემიასთან გამკლავების უნარი შესწევდა.
“რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული სპუტნიკის და სხვა რუსული არხების გარდა, კრემლის პოზიციებს ინფოდემიის პროცესში ქართულენოვანი მედიებიც ახმოვანებდნენ, რომლებიც მეტწილად პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული რუსეთთან („საქართველო და მსოფლიო“, News Front საქართველო, tvalsazrisi.ge, საქინფორმი და ობიექტივი). ანტიდასავლური გამოცემებიდან პანდემიის შესახებ მცდარ ინფორმაციას და შეცდომაში შემყვან გზავნილებს გაზეთები „ასავალ-დასავალი“ და „ალია“ ავრცელებდნენ ,” - ვკითხულობთ ანგარიშში.
MDF-ის კვლევა 2020 წლის სოციალური და ტრადიციული მედიამონიტორინგის შედეგების ასახავს. ავტორების თქმით, კვლევის მიზანი პანდემიასთან დაკავშირებული მთავარი გზავნილების და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და მათი წყაროების გამოვლენაა, მათ შორის ანტივაქსერული ჯგუფებისა და ინფორმაციის გავრცელების არხების.