20 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტების სახელით საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
07.04.2021
2019 წლის 20 ივნისის აქციაზე დაშავებული მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების სახელით "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან" (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2 საჩივარი გააგზავნა.

საჩივრები 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 22 პირის, მათ მედიის 11 წარმომადგენლის მიმართ, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებასა და საქმის არაეფექტურ გამოძიებას ეხება.

მომჩივნები მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში ევროპული კონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მუხლის დარღვევას ასაჩივრებენ. აქვე საუბარია კონვენციის "წამების აკრძალვის", " შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების", "სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების" შესახებ მუხლების დარღვევაზე.

"საიას" განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რეზინის ტყვიები სამართალდამცავებმა გამოიყენეს იმ პირების მიმართ, ვინც აქციაზე საფრთხეს არ წარმოადგნდნენ, ხოლო ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეეშლათ.

“აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობის შედეგად დაირღვა მედიის წარმომადგენელთა უფლებები, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლება, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლება.”

" საქართველოს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ამბობენ, რომ გამოძიების დაწყებიდან დღემდე, 21 თვეზე მეტი დროის გასვლის მიუხედავად, საგამოძიებო პროცესი ხარვეზიანად მიმდინარეობს, არ არის სრულყოფილი და არ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს. მათ შორის, იკვეთება ჩადენილ დანაშაულთა არასწორი კვალიფიკაცია: "საიას" დაცვის ქვეშ მყოფი მედიის წარმომადგენლების საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს სსკ-ის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.


ფოტო: ანტისაოკუპაციო აქცია თბილისში. 20 ივნისი, 2019 წ. - მარიამ ნიკურაძე/OC Media

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ