“ფორმულას” ინფორმაციით, მათ თანაშრომლებს თავს დაესხნენ
09.04.2021
განახლება: "ფორმულას" თანამშრომლებზე თავდასხმას გმობს აშშ-ის საელჩო საქართველოში. საელჩო ხელისუფლებას გუშინ მომხდარისა და თებერვალში, "ფორმულას" ჟურნალისტის, ვახო სანაიას, ცემის ინციდენტის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, 8 აპრილს, ღამით მათ თანამშრომლებს თავს დაესხნენ. მაუწყებელში თავდასხმებს კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირებენ. ორივე დაზარალებული მაუწყებლის მძღოლია. ერთზე ფიზიკურად იძალადეს, მეორე მძღოლს კი, მანქანა დაუზიანეს.
“არის ნაცემი, აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები” - ამბობს “ფორმულას” გენერალური დირექტორი, ზუკა გუმბარიძე მძღოლზე, რომელსაც გუშინ საღამოს 9 საათზე დაესხნენ თავს. მაუწყებლის ინფორმაციით, თავდამსხმელები მას “სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ “ფორმულას”.

მეორე შემთხვევა კი უფრო გვიან ღამით მოხდა. გუმბარიძე ამბობს, რომ “ფორმულას” მძღოლის მანქანა, რომელზეც ტელეკომპანიის ლოგოა დატანილი, გვიან ღამით, კომენდანტის საათის დროს, დააზიანეს”.

“სახლში ვიყავი, ხმა გავიგე და რომ გადმოვიხედე ფანჯრიდან, დავინახე, რომ დამტვრეული იყო წინა საქარე მინა. ჩამოვედი, გამოვიძახე საპატრულო პოლიცია და ვნახე, რომ ჩამტვრეული იყო შუშები” - ჰყვება “ფორმულას” მძღოლი.

“ფორმულას” ტელეწამყვან გიორგი თარგამაძის თქმით, ჯერჯერობით არცერთი დამნაშავე იდენტიფიცირებული არ არის.

დღეს, “ფორმულას” მენეჯმენტის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, ზუკა გუმბარიძემ სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართა და პროცესში ჩარევა სთხოვა.

“ეს არის გაგრძელება ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის და არსებული ძალადობრივი ფონის, რომელიც, ჩვენი აზრით, ხშირ შემთხვევაში უკავშირდება იმ უპასუხისმგელო რიტორიკას, რომელიც აქვს მმართველ პარტიას, მათ დეპუტატებს და მათ ხელმძღვანელობას და მათ მიერ ტირაჟირებული სიძულვილის ენა არის გამომწვევი ყველა ასეთი ტიპის პრობლემის” - ამბობს ზუკა გუმბარიძე

ბოლო პერიოდში მედიაზე თავდასხმის გახშირებულ შემთხვევებს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიაში ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას და სამართალდამცავი უწყებების არასათანადო რეაგირებას უკავშირებენ. დღეს გავრცელებულ განცხადებაში, ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და დროულად გამოიძიოს ჟურნალისტთა თავდასხმის, საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისა და ქონების დაზიანების ყველა ფაქტი.

ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე განცხადება გაავრცელა მედიაკოალიციამაც. მათი ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაუწყებლის მძღოლის მანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მეორე თანამშრომელს, უწყება აცხადებს, რომ "ფორმულას" მძღოლზე თავდასხმის შემთხვევაზე შსს-ში ჯერჯერობით შეტყობინება არ შესულა და ინფრომაციის მიღებისთანავე შესაბამისად ირეაგირებენ.

25 თებერვალს თავს დაესხნენ ამავე ტელევიზიის ტელეწამყვან ვახო სანაიასაც.
იხილეთ ამ თემაზე: თავდასხმა ვახო სანაიაზე - რა მოხდა, მოკლედ

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ