ონლაინ მედიაში პოლარიზაცია ნაკლებად შეინიშნება - მედიის მონიტორინგის ანგარიში
23.04.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედია ახალი მონიტორინგის ანგარიში გაასაჯაროა.

მკვლევრები 2021 წლის 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით აკვირდებოდნენ მედიას. მათი მიზანი იყო იმის განსაზღვრა, თუ როგორ აშუქებდა პოსტ საარჩევნო პერიოდში სხვადასხვა მედია პოლიტიკური პარტიების საქმიანობას.

ქარტია დააკვირდა ტელევიზიების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს, თოქშოუებს, გაზეთებსა და ონლაინ მედიებს.

ონლაინ მედიების მონიტორინგში 12 პორტალი მოხვდა: ambebi.ge, ინტერპრესნიუსი, kvira.ge, მარშალპრესი, ნეტგაზეთი, news.on.ge, პუბლიკა, რადიო თავისუფლება, რეგინფო, სამხრეთის კარიბჭე, სპუტნიკ-საქართველო და ტაბულა.

ანგარიშის ძირითდი მიგნებები:

● პოსტსაარჩევნო პერიოდში ონლაინ მედიაში ყველაზე აქტიურად ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები შუქდებოდა;

● მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკურ პარტიებს შორის ძირითადად „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აშუქებდა. ამ პარტიებიდან თითოეულს ეთმობოდა მეტი გაშუქება, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად;

● ონლაინ მედიაში პოლარიზაცია ნაკლებად შეინიშნება. მონიტორინგისთვის შერჩეული 12 ვებგვერდიდან 2-ის შემთხვევაში ცალსახად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა. ამასთან, მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ ონლაინ მედიასაშუალებაში არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ;

● თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა დაკვირვების დროს გამოვლინდა ორი ონლაინ მედიასაშუალება, სადაც ხდებოდა პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა მიერ დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებების ტირაჟირება;

● სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა მწვავე გამოწვევად რჩება ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილისთვის. ხშირ შემთხვევებში მკითხველს არ ეძლევა საშუალება, რომ ნათლად გაარჩიოს გამოქვეყნებული სტატიებიდან რომელია სარეკლამო და რომელი რედაქციის მიერ მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევარი;

● წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგებთან შედარებით, პოსტსაარჩევნო პერიოდში, შერჩეული ვებგვერდების დიდ უმრავლესობაში შეინიშნებოდა საკითხების მეტად დაბალანსებულად გაშუქება, განსაკუთრებით ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართული პოლიტიკური მოლაპარაკებების პერიოდში.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ