23.04.2021
2021 წლის 1 თებერვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ დააკვირდა საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ სატელევიზიო ტოქშოუებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას.
კვლევის ფარგლებში რამდენიმე ძირითადი ტენდენცია გამოიკვეთა:
● წინასაარჩევნო პერიოდის მსგავსად, პოსტსაარჩევნო პერიოდშიც გამოიკვეთა, რომ სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებულია, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, მეორე კი - ოპოზიციის.
● მმართველი პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ზოგიერთ არხზე სტუმრობაზე.
● მონიტორინგის პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2-ისა“ და პალიტრა TV-ს ტოქშოუები წარმოადგენდა იმ გამონაკლისს, რომელსაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად სტუმრობდნენ.
● ტოქშოუების წამყვანების კომენტარებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ტელეკომპანია „ფორმულაში“, „TV პირველში“ და „კავკასიაში“ ვიზიტზე, მაშინ, როდესაც “იმედსა” და “POSTV-ს” ხშირად სტუმრობდნენ. მმართველი პარტიის წევრები არ იყვნენ წარმოდგენილნი არც „მთავარ არხზე“.
● „იმედისა“ და „POSTV-ის“ ნარატივები ემთხვეოდა „ქართული ოცნების“ გზავნილებს. „ტვ პირველსა“ და „მთავარ არხზე“ კი იკვეთებოდა მიკერძოება ოპოზიციის მიმართ.
● ტელეკომპანია „ობიექტივი“ კვლავ რჩება „პატრიოტთა ალიანსის“ პლატფორმად. თითქმის ყველა გადაცემაში პარტიის წევრები საუბრობდნენ და ეწეოდნენ აგიტაციას „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ. ტოქშოუს წამყვანები ღიად გამოხატავდნენ პარტიისადმი მხარდაჭერას. არხზე ხდებოდა ანტიდასავლური პროპაგანდისა და სიძულვილის ენის ტირაჟირება.
● იმ გადაცემებში, რომელსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ, მმართველი გუნდის წევრები, ძირითადად, ბოლო სტუმრად იყვნენ წარმოდგენილნი, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა, გაეკრიტიკებინათ მათი ოპონენტები.
● ერთეული ტელეარხების გარდა, წამყვანები თუ მათი სტუმრები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ტერმინებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში იყენებდნენ, რითაც ხელს უწყობდნენ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმების გაძლიერებას.
● საანგარიშო პერიოდში, „მაესტროს“ ეთერში არ გასულა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა.
მკვლევრები 12 ტელევიზიას დააკვირდნენ: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, TV პირველი, მთავარი არხი, ფორმულა, პალიტრა TV, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, POSTV, კავკასია, ობიექტივი, მაესტრო.
მკვლევრები აკვირდებოდნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და პოლიტიკოსებს. კერძოდ, მონიტორინგის სუბიექტები იყვნენ ის პარტიები, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტის მანდატები მოიპოვეს და, ასევე, ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი პოსტსაარჩევნო პერიოდში განვითარებულ პროცესებში.