05.05.2021
რა მოხდა?
4 მაისს დავით გარეჯში "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი რესპონდენტთან, ივერი მელაშვილთან, ერთად ჩავიდა. ჟურნალისტი ნინუცა კეკელია გადაცემა "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟს ამზადებდა. არხის ინფორმაციით, ივერი მელაშვილთან ინტერვიუს ჩაწერის დროს ნასვამმა სასულიერო პირებმა და რამდენიმე მოქალაქემ მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გადამღებ ჯგუფს ტექნიკა დაუზიანეს.
"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია ინციდენტში მონაწილე პირების გამოვლენასა და თავდასხმისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვს.
მომხდართან დაკავშირებით საგარეჯოს პოლიციაში უკვე გამოკითხეს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი და ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიების პროცესში საჭირო ყველა პირს გამოკითხავენ. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, " გამიძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, [დამნაშავეები] კანონის შესაბამისად დაისჯებიან."
„მთავარი არხის“ თანამშრომლებზე ძალადობას გმობენ "საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტია" და სახალხო დამცველი. ისინი სამართალდამცავ ორგანოებს შემთხვევის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
ჟურნალისტებზე თავდასხმის გახშირებული შემთხვევები
ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს. სახალხო დამცველის თქმითაც, მიმდინარე წლის განმავლობაში ეს არ არის კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის პირველი შემთხვევა.
8 აპრილს ღამით ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, მათ თანამშრომლებს თავს დაესხნენ. ორივე დაზარალებული მაუწყებლის მძღოლია. ერთზე ფიზიკურად იძალადეს, მეორე მძღოლს კი, მანქანა დაუზიანეს.
25 თებერვალს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე "ფორმულას" ტელეწამყვანს, ვახო სანაიას მისი ოჯახის წევრების თანდასწრებით სამი პირი დაესხა თავს. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.
ბოლო პერიოდში გახშირდა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის წინააღმდეგ გავრცელებული განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სახელმწიფო უწყებების მხრიდანაც.
სახალხო დამცველი 4 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, გამოკვეთონ და დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით.
ფოტო: მთავარი არხი