ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
09.05.2021
7 მაისს ტელეკომპანია “მთავარი არხის” კორესპონდენტ ირაკლი ვაჩიბერიძეს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონიმ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა “მთავარმა არხმა” 8 მაისს გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტი ჟურნალისტს ემუქრება, ეპარქიაში გადაადგილებას უკრძალავს და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

ამავე დღეს მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა და ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან მყისიერი და ადეკვატური რეაგირება მოითხოვა.“მთავარმა არხის” განცხადებაში ნათქვამია, რომ არხის ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი შემთხვევები გახშირებულია და „საქართველოს საპატრიარქო არათუ არ რეაგირებს მსგავს ფაქტებზე, არამედ ამართლებს და ამგვარად ახალისებს სასულიერო პირების მხრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს ჟურნალისტების წინააღმდეგ“.

9 მაისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მკაცრად დაგმო „მთავარი არხის“ თანამშრომელზე განხორციელებულ ძალადობა და მოითხოვა, რომ სამართალდამცველმა უწყებებმა სწრაფად გამოიძიონ მომხდარი და დააყენონ დაკონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ქარტია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვება, ამგვარ ძალადობასა და ჟურნალისტების მუშაობაში ხელის შეშლის შემთხვევებს ახალისებს, რაც მედიაგარემოსთვის ძალიან დამაზიანებელია.

სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმები დაგმო მედიაკოალიციამაც: “ამ დრომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასულიერო პირების არაერთ თავდასხმაზე რეაგირება არ მოუხდენია, დანაშაულის შემცველ ფაქტებზე განმარტებებს არ აკეთებს საქართველოს საპატრიარქოც. მედიაკოალიცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს და მოითხოვს შეწყდეს ჟურნალისტების დევნის ტენდენცია”.

“ხელისუფლება თვალს ხუჭავს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ ძალადობასა და ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელშეშლის ფაქტებზე. დღემდე არ გვინახავს, ეკლესიის სასულიერო პირებს პასუხი ეგოთ ჩადენილი ძალადობისთვის. გავლენიანი სასულიერო პირების ქმედებები ასაზრდოებს და აქეზებს საზოგადოებაში სიძულვილს და ძალადობას” - ნათქვამია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებაში.

ეს სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. "მთავარი არხის" ინფორმაციით, 4 მაისს დავით გარეჯში მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს ნასვამმა სასულიერო პირებმა და რამდენიმე მოქალაქემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტექნიკა დაუზიანეს.


ფოტო: „მთავარი არხი“

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ