25.05.2021
თავდაპირველად პროცესი დისტანციურად დანიშნა, თუმცა კაპანაძის უფლებადამცველის მიმართვის შემდეგ, სასამართლო სხდომის დარბაზში ჩატარებაზე დათანხმდა.
"მოსამზადებელ სხდომაზე სასამართლომ ჩვენ მიერ წარდგენილი შუამდგომლობები განიხილა, მეორე მხარეს შუამდგომლობები არ ჰქონდა. განხილვის შემდეგ კი სასამართლო პროცესი გადავდეთ",- გვეუბნება " საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატი ილონა დიასამიძე.
სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და მოწმედ დაკითხავს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ნატა იმედაიშვილს და საბჭოს ყოფილ წევრს ბეჟან გობაძეს.
რას ითხოვს კაპანაძე?
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი თანამდებობაზე აღდგენას, მისი უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას ითხოვს.
ნათია კაპანაძემ სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 30 აპრილს შეიტანა. საია სასამართლოს სარჩელის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებდა და პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობდა. სასამართლოში კი ამბობდნენ, რომ სხდომის არ დანიშვნა პანდემიას უკავშირდებოდა.
ჯერჯერობით უცნობია მომდევნო სხდომის თარიღი. ადვოკატი ილონა დიასამიძე ამბობს, რომ სასამართლო მას მომდევნო სხდომის დანიშვნის შესახებ პროცესამდე ერთი კვირით ადრე შეატყობინებს.
საქმის დეტალები
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით 4 ხმით 1-ის წინააღმდეგ გადაირჩია. ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრები, გიგა ჩხარტიშვილისა და ირაკლი დარცმელიძის არგუმენტებით:
• „ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს მაუწყებლის რეიტინგი შემცირდა.“
• „ის არ თანამშრომლობდა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და მათთან ურთიერთობას ტელევიზიის თანამშრომლებსაც უკრძალავდა.“
• „ტელევიზიაში არ სრულდებოდა პრიორიტეტები და გარკვეული საკითხები კანონის გვერდის ავლით წყდებოდა.“
საიაში მიიჩნევენ, რომ ნათია კაპანაძისადმი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადება ეფუძნებოდა „არა სამართლებრივ არგუმენტებს, არამედ ნაკარნახევი იყო ხელისუფლების ინტერესით, შეეცვალა მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა.“
ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მმართველი პარტიის გავლენის შესახებ რამდენიმე საერთაშორისო ანგარიშში, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლისა და „რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს“ 2021 წლის ანგარიშებშია საუბარი.