25.05.2021
გოგი გვახარია ამბობს, რომ სასამართლო დავის მოგების იმედი არ ჰქონდა, რადგან ეუბნებოდნენ, ჩივილს აზრი არ აქვსო: “უკვირდათ, აქამდეც ბევრი დაიწერა გვახარიაზე და რატომ იმათ არ უჩივლაო. ის, რომ საჯარო ფიგურა ვარ და თმენის ვალდებულება მაქვს, ამას დიდი ხანია მივეჩვიე, მაგრამ ნამდვილად არავის ვაპატიებ ოჯახის წევრზე მსგავსი საზიზღრობების დაწერას“.
გაზეთ “ალიას” ცრუ ინფორმაცია
სტატია, სათაურით, “რა უამბეს ალიას გოგი გვახარიას ბაბუაზე”, “ალიაში” 2019 წლის 20 მაისს გამოქვეყნდა. სტატიაში საუბარი იყო „ვინმე გვახარიაზე“, რომელიც საბჭოთა პერიოდში გალის რაიონული გაზეთის რედაქტორი იყო.
“ალია” წერდა, რომ ის კომუნისტური პარტიიდან გაზეთის კუთვნილი ფინანსების მითვისების გამო გარიცხეს და მან მითვისებული თანხით ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი - „პობედა“ იყიდა. ავტორი წერდა, რომ ეს პირი ჟურნალისტ გოგი გვახარიას ბაბუა იყო. სტატიაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ჟურნალისტმა გოგი გვახარიამ „ფეხი ახალგაზრდა კომუნისტიდან აიდგა“.
“იმდენად აბსურდული იყო ყველაფერი, რაც წავიკითხე, მხოლოდ ჩემზე რომ ყოფილიყო, არ მექნებოდა ასეთი რეაქცია. მაგრამ მიუხედავად იმისა, [ბაბუაჩემი] რომ ცოცხალი არ არის, მის უკან დგას ოჯახი, ნათესავები, უამრავი ადამიანი, ვისაც ახსოვს ის.” - ამბობს გოგი გვახარია და დასძენს, აშკარაა, ბაბუაჩემი არაფერ შუაში არ იყო, ეს ყველაფერი ჩემ გამო დაიწერაო.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 2019 წლის დასკვნა
2019 წელს გოგი გვახარიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც მიმართა. ქარტიის საბჭომ სადავო მასალა განიხილა და სამი პრინციპის დარღვევა დაადგინა:
- პირველი პრინციპი: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
- მეხუთე პრინციპი: მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
- მეშვიდე პრინციპი: ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.