28.05.2021
რა მოხდა?
ნაზი რეხვიაშვილის ამბობს, რომ საკრებულოს დეპუტატი გაღიზიანდა მის მიერ ფეისბუქში გაზიარებული TV-25-ის ვიდეოს გამო, სადაც დეპუტატი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს „აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ“ და „კაცურ-კაცურ მოყვარედ“ მოიხსენიებს.
ნაზი რეხვიაშვილი წერდა: “თორნიკე რიჟვაძე რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჰგონია, თან - არჩეული, აზრს რომ ვერ აყალიბებს და "კაცურ კაცურ მოყვარედ" უმაღლეს შეფასებად მიაჩნია, ან ოპოზიციაში რა უნდა, ან მმართველ გუნდში?”.
ფეისბუქზე პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ნუგზარ სოლომონიძემ ჟურნალისტს პირად შეტყობინებებში მისწერა და დაემუქრა. დეპუტატი ამას არც მედიასთან უარყოფს - “პირადულს ვინც შეეხება, მიიღებს საკადრისს“ - ამბობს სოლომონიძე “ფორმულასთან“ საუბრისას.
ნაზი რეხვიაშვილი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს და ამბობს, რომ დღეს, 28 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონულ კოორდინატორ მალხაზ ჟკადუასაც შეხვდება - “გავივლი [კონსულტაციას] რა ფორმით უნდა გავაკეთო ეს განცხადება“.
მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: „[სამართალდამცავებმა] მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი, ხელისუფლების წარმომადგენელს კანონის შესაბამისად მოსთხოვონ პასუხი და დაუყოვნებლივ მიიღონ პრევენციული ღონისძიებები ჟურნალისტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.
factcheck.ge:„ჟურნალისტებზე მუქარა და ზეწოლა დაუშვებელია. ამგვარი ქმედებები ერთი მხრივ, საფრთხის ქვეშ აყენებს კონკრეტული ადამიანის ფიზიკურ უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ დემოკრატიული განვითარების პროცესს, ვინაიდან მიზნად ისახავს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების გაჩუმებას და, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტიც კი იქონიოს“.
მედიაკოალიცია: “ჟურნალისტზე მუქარა სისხლსამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იყოს.’