რატომ ვერ ხედავენ ბავშვებსა და მოზარდებს მაუწყებლები?
31.05.2021
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში მაუწყებლების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და მედიაბაზარზე არაერთი ახალი ტელევიზია გაჩნდა, მაუწყებლების ძირითადი ნაწილს ბავშვებისა და მოზარდების აუდიტორია მაინც ყურადღების მიღმა დარჩა.

ტელევიზიების დიდი ნაწილი მათ დროს ან სრულად არ უთმობს და მათზე მორგებულ პროდუქტს არ სთავაზობს ან მხოლოდ ზედაპირული და არა რაიმე კონცეფციასა და სტრატეგიაზე დაფუძნებული მასალებით შემოიფარგლება.

სად ვიპოვოთ საბავშვო გადაცემები?

მაგალითად, ამ სეგმენტისთვის განკუთვნილ მედიაპროდუქტს საერთოდ ვერ შევხვდებით ტელეკომპანიების - „მაესტროს“, „ტვ პირველის“, „კავკასიის“, „რუსთავი 2-ის’, „მთავარი არხისა“ და „პოს ტვ-ის“ სამაუწყებლო ბადეებში.

შემეცნებით-გასართობი ტიპის გადაცემა „ბუკიპედიას“ სთავაზობს ბავშვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზია“, სადაც ანიმაციური პერსონაჟი ბუ პატარებს დაახლოებით 5 წუთიან ვიდეოში სხვადასხვა ფაქტისა თუ მოვლენის შესახებ უყვება (მაგალითად: საათის შექმნის ისტორია; ყველაფერი ვიკინგებზე; ანიმაციის შექმნის ისტორია და სხვ.). გადაცემის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის ეთერში პარასკევიდან კვირის ჩათვლით, 17:50 საათზე გადის, გადის, თუმცა გასულ კვირას ის ეთერში ყოველ დღე (გარდა 26 მაისისა) დღის 11:50 სთ-ზე გავიდა.

კვირაობით, ბავშვებსა და მოზარდებზე გათვლილ ორ პროექტს - „საქანელას“ და „ჩათს“ ამზადებს ტელეკომპანია „ფორმულა“. მათგან პირველი საბავშვო სერიალია, რომელიც სკოლის ასაკის მოსწავლეების ყოველდღიურ რუტინასა და თავგადასავლებს აღწერს. „ჩათი“ კი - ტოქშოუს ფორმატის გადაცემაა, რომელსაც მოზარდები მასპინძლობენ და ზრდასრულებთან ერთად მათი თანატოლების წინაშე არსებულ სხვადასხვა პრობლემასა თუ გამოწვევაზე მსჯელობენ. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო გადაცემა ბავშვთა უფლებებსა და ბავშვთა კოდექსზე მსჯელობას დაეთმო.

ბავშვებისთვის გათვლილი გადაცემა - „პატარების დიდი შოუ“ გადიოდა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერშიც, თუმცა მისი ბოლო ეპიზოდი 29 მარტს ვნახეთ. გადაცემის მიზანი საზოგადოებისთვის სხვადასხვა გამორჩეული შესაძლებლობისა და უნარის მქონე პატარების გაცნობა იყო. აქ თქვენ ნახავდით - „პატარა ვიზაჟისტს“; „პატარა ნიჩბოსანს“; „პატარა მოჭადრაკე“; „პატარა მათემატიკოსს“, „სწორი კვების პატარა ექსპერტს; „ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონს“; „პატარა მომღერალს“; „პატარა კინოლოგს“ და სხვა.

ბავშვებსა და მოზარდებზე გათვლილ გადაცემათა სიუხვით გამოირჩევა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. „შაბათ-კვირას“ დღის 11:45 სთ-ზე აქ ქართული საბავშვო ანიმაციური სერიალის „მაშველების“ ნახვაა შესაძლებელი. ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 20:00 სთ-ისთვის მაუწყებლის ეთერში გადაცემა „წიგნების თაროს“ დრო დგება. ეს უფროსკლასელთა ინტელექტუალური სატელევიზიო თამაშია, რომელიც ცოდნაში შეჯიბრის პრინციპზეა დაფუძნებული. ბოლო დროს პროექტს სტუდენტური ფორმატიც დაემატა. უნდა აღინიშნოს, რომ ტელეთამაში ადეკვატურად პასუხობს ფორმატს, ამასთან ის მოზარდებსა და ახალგაზრდებში წიგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ცალკე აღნიშვნის ღირსია საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი ტელე-სკოლა, რომელიც პანდემიის პერიოდში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისას შეიქმნა და მისი მიზანი სკოლებს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების სწავლების პროცესში დახმარება და ხელშეწყობა იყო. აქ სასკოლო საგნებთან ერთად დრო მოზარდებისთვის საინტერესო სხვადასხვა აქტივობასაც ეთმობა. ბადე ასევე დატვირთულია მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმებით.

საბავშვო არხები

გარდა ნაციონალური მაუწყებლებისა, ასევე, საყურადღებოა უშუალოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი არხებიც. მაგალითად, არხზე „ბასტი-ბუბუ“ მთელი დღის განმავლობაში გადის გადაცემები ბავშვებზე და მათი მონაწილეობით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გადაცემების უმრავლესობას არ აქვს ზოგადი კონცეფცია და განსაზღვრული ფორმატი. პროგრამების აბსოლუტური უმრავლესობა მცირეწლოვან ბავშვებზეა გათვლილი და ისინი შედარებით დიდი ასაკის მოზარდებს მოთხოვნებსა და ინტერესებს არ ეხმიანება.

იგივე შეიძლება ითქვას კიდევ ერთ საბავშვო არხ - „ენკიბენკიზეც“. თუმცა, აქ „ბასტი-ბუბუსგან“ განსხვავებით, ასევე ვხვდებით შემეცნებითი შინაარსის გადაცემებსაც. მაგალითად: „ზღაპრად თქმული ისტორია“, „ლიტერატურული თერაპია“. ის, რომ საბავშვო გადაცემები ტელევიზიების საეთერო ბადეში თითქმის არ გვხვდება, ეს „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ 2016 წლის ანგარიშშიც მოხვდა. მაშინ ქარტია წერდა, რომ მაუწყებელთა უმრავლესობას ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის განკუთვნილი პროგრამები საერთოდ არ აქვს, საბავშვო გადაცემების ნაწილი კი კრიტიკას იმსახურებს, რადგან ის სხვადასხვა ასაკის ბავშვს მრავალფეროვან და საინტერესო გადაცემებს არ სთავაზობს და ზოგიერთი მათგანი გენდერულ სტერეოტიპებსაც ამყარებს. ანგარიშის გამოქვეყნებიდან 5 წლისთავზე, ამ მხრივ სიტუაცია დიდად არ შეცვლილა და ბავშვებისა და მოზარდების ინტერესი მაუწყებელთა სარედაქციო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად ვერ იქცა. მეტიც, ტელეკომპანიების უმეტესობა მათ დღემდე უგულებელყოფს და დღის წესრიგის მიღმა ტოვებს.

მედიანალიტიკოსის ზვიად ქორიძის თქმით, ბავშვებზე და ბავშვებისთვის გადაცემების შექმნით თავად ტელევიზიებიც დაინტერესებულნი არიან, მაგრამ მათი კეთება არის ძალიან „რთული, დელიკატური“ და ხშირ შემთხვევაში, მაუწყებლები მსგავს ფორმატებს სწორედ ამიტომ „უფრთხიან“. ამიტომაც, მისივე შეფასებით, ტელევიზიები ასეთი შინაარსის უცხოური გადაცემების ყიდვას ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა, მას ძირითადად მხოლოდ თარგმნიან და არსებულ რეალობასთან არ არგებენ, რის გამოც „იკარგება ძალიან ბევრი კომპონენტი“ და ის ისეთივე მიმზიდეველი ვეღარ არის, როგორც ეს იმპორტიორ ქვეყანაში იყო.

„ბავშვებზე გადაცემა არ უნდა იყოს მორალისტური და დიდაქტიკური, ბავშვებზე გადაცემა და ბავშვებისთვის გადაცემა უნდა იყოს შემეცნებითი. ეს არის მთავარი დანიშნულება ტელევიზიის“, - უთხრა მან „მედიაჩეკერს“.

ბლოგის ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ