01.06.2021
არასამთავრობო ორგანიზაცია იმ პრობლემებს გამოყოფს, რომელთა წინაშეც კრიტიკული მედია დგას. მათ შორისაა: სახელმწიფოს მხრიდან ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასა და ძალადობაზე არასათანადო რეაგირება, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, აგრესიული რიტორიკა მმართველი პარტიიდან და სოციალურ ქსელებში, სავარაუდოდ, მათ მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანია.
მედიის წინაშე არსებული გამოწვევები - საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მედიის გამოწვევებზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტების მიმართ გახშირებულ ძალადობის ფაქტებზე.
“მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მიერ არა მხოლოდ გამოძიების დაწყება, არამედ დამნაშავეების დროული იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხშირად მსგავს ფაქტებზე არ ხდება სათანადო რეაგირება, კერძოდ, დროში იწელება გამოძიება, არ ანიჭებენ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსს და ა.შ., რაც თავის მხრივ, ახალისებს ძალადობას და კიდევ უფრო ართულებს მედიის წარმომადგენლებისათვის მუშაობას.”,- ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ხაზს უსვამს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიულ განცხადებებსა და მუქარებს ჟურნალისტების მიმართ. „სწორედ განსხვავებული აზრის მიმართ ხელისუფლების აგრესიული მიდგომის გამოძახილია ჟურნალისტების წინააღმდეგ გახშირებული ძალადობის ფაქტები.“, - განმარტავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სამწუხარო ტენდენციად იქცა მედიის წარმომადგენლებისათვის გადაადგილების თუ ცალკეული უწყებების შენობებში შესვლის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ან შეუძლებელს ხდის პროფესიული საქმიანობის შესრულებას.
მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის დასახელებულია ხელისუფლების მიერ ჟურნალისტების წყაროს იდენტიფიცირების მცდელობები, ფარული მოსმენა და სოციალურ ქსელებში ჟურნალისტების დისკრედიტაციის კამპანიები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ინსტიტუციურ დევნაზეც საუბრობს და ამბობს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცალკეული გადაწყვეტილებები მედიაგარემოსთვის სახიფათო გამოწვევად რჩება და კრიტიკული მედიის შეზღუდვის ნიშნებს შეიცავს.