04.06.2021
რა მოხდა?
ადამიანების წამებისა და გაუპატიურების კადრები, რის გამოც მაუწყებელი დაჯარიმდა, 23 აპრილს, გადაცემა „სტუდია N8-ში“ გავიდა. გადაცემის წამყვანმა ირმა ინაშვილმა, რომელიც ამავე დროს პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერია, გადაცემის შესავალშივე დააანონსა, რომ მაყურებელი იხილავდა “პატიმართა წამების შემაძრწუნებელ კადრებს, რომელიც ფართო საზოგადოებას არასდროს უნახავს“.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ეთერში დაუფარავად გადიოდა პატიმრების ცემის, გაუპატიურების, წამების ამსახველი კადრები. გადაცემის წამყვანის თქმით, ამ მასალის ჩვენების მიზანი ახალგაზრდებისთვის “სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის“ შეხსენება იყო. “ახალგაზრდობამ უნდა უყუროს ამ კადრებს და უნდა დაფიქრდეს ამ ყველაფერზე”, - ამბობდა ირმა ინაშვილი.
კომუნიკაციის კომისიის შეფასება
კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, „ობიექტივმა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი დაარღვია, რადგან კადრები მაუწყებლის ეთერში 23:00 საათისთვის გავიდა, 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი და ძალადობის ამსახველი სცენების ახლო ხედით ჩვენება კი მაუწყებელს 06:00 საათიდან 00:00 საათამდე ეკრძალება.
გადაცემა „სტუდია N8“ კანონით დაუშვებელ დროს, „ობიექტივის“ ეთერში სხვადასხვა დღეებში რამდენჯერმე გამეორდა, თუმცა, მაუწყებელი მხოლოდ 23 აპრილის ეთერის გამო დაჯარიმდა. კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლანა ბერიძე ამბობს, რომ „ერთ დარღვევაზე ერთხელ ხდება დაჯარიმება და სამართალწარმოება, თუ კიდევ გაიმეორებენ და დაარღვევენ კანონს, მომავალშიც განიხილავს და შეისწავლის კომისია“.