კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „იმედი“ დააჯარიმა
18.06.2021
პროდუქტის განთავსების წესების დარღვევის გამო, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ და „იმედი“ 2500-2500 ლარით დააჯარიმა.

„მთავარი არხი“ ეთერში 26 აპრილს გასულ გადაცემაში - „შენი დილა“ გასული სიუჟეტის გამო დაჯარიმდა, რომელიც მაღაზია „ელიტ ელექტრონიკსის“ ფასდაკლებებსა და შეთავაზებებს ეხებოდა. კომისიის ინფორმაციით, სიუჟეტში დეტალურად იყო წარმოდგენილი კონკრეტული ბრენდების საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

“იმედს” კი 18 მაისს გადაცემაში - „იმედის დღე“, „ლილო მოლის“ შესახებ გასული სიუჟეტის გამო დაეკისრა ჯარიმა. რეპორტაჟი სავაჭრო ცენტრის 30 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და ფასდაკლებების კვირეულსა და ახალ აპლიკაციას ეხებოდა. სიუჟეტი “მაყურებელს აპლიკაციის ინტერფეისისა და ფუნქციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა. სტუდიაში მოწვეული სტუმრები დეტალურად საუბრობდნენ „ლილო მოლის“ უპირატესობებზე.

კომისიის შეფასებით, გადაცემებში პროდუქტებს გადაჭარბებული მნიშვნელობა მიენიჭა, რაც გავლენას ახდენდა პროგრამის შინაარსზე:

„სიუჟეტებში მოხდა შეძენისკენ წაქეზება, სარეკლამო განცხადებების გაჟღერება, ინფორმაციის მიწოდება ხელმისაწვდომობის შესახებ და გაკეთდა პროდუქტის პოზიტიურ თვისებებზე მითითება. ასევე სიუჟეტებისთვის დათმობილი დროის ხანგრძლივობა მიუთითებს პროდუქტის განთავსების წესების დარღვევაზე, რითაც მაუწყებლების მხრიდან დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა“ - აცხადებს კომისია.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, მსგავსი კანონდარღვევისთვის „მთავარ არხსა” და “იმედს” იანვარ-თებერვლის პერიოდში გაფრთხილება მიღებული ჰქონდათ, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო კი მაუწყებლები დაჯარიმდნენ.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ