ძალადობრივი ჯგუფები აქციაზე ჟურნალისტებს თავს დაესხნენ
05.07.2021
რუსთაველზე “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. დაშავებულია მედიის ათობით წარმომადგენელი და დაზიანებულია ტექნიკა. მაუწყებლების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აქციაზე შეკრებილები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ რუსთაველზე შეკრებილმა ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მაუწყებლის ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ და დაუმტვრიეს აპარატურა:

„თავდასხმა მოხდა რუსუდან ჯაბანიშვილზე და მის ოპერატორზე. პოლიცია იქ იდგა, კამერას ურტყამდნენ და პოლიცია არ რეაგირებდა. ორჯერ დავრეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ ჟურნალისტების სიცოცხლე არის საფრთხეში. ველაპარაკეთ შსს-ს თანამშრომელს, რეაგირება მაინც არ არის და გრძელდება ჟურნალისტებზე თავდასხმები.” - ამბობს ის. 

„ფორმულას“ ინფორმაციით, ჟურნალისტ გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს, ხელიდან გააგდებინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მაუწყებლის ოპერატორს. ფიზიკურად გაუსწორდნენ ფორმულას კიდევ ერთ გადამღებ ჯგუფს - გიორგი გაბუნიას და ლექსო ხომასურიძეს.

ჟურნალისეტბზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “მთავარი არხიც”. მაუწყებლის თქმით, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მათ გადამღებ ჯგუფს.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "პირველი არხის" ოპერატორს. მისი თქმით, აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს ბოთლებსა და ჯოხებს ესროდნენ.

დაშავებულია "პალიტრა ნიუსის" ოპერატორიც - დაზიანებები აქვს სახეზე და დამტვრეულია მისი კამერა.

“ტაბულა” ამბობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა თავში კეტი ჩაარტყეს გამოცემის ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ეცვა მაისური წარწერით "პრესა".

დაშავებულები არიან "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები და ოპერატორებიც. საპატრულო პოლიციამ ადგილიდან განარიდა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე. მისი თქმით, ძალადობა ჟურნალისტებზე უცებ დაიწყო, მძიმედ დაშავდა „რუსთავი 2-ს“ ერთ-ერთი ოპერატორი.

ჟურნალისტებზე ძალადობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ტელეკომპანია “იმედიც” - აქციის მონაწილლები „იმედის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

ადგილზე მუშაობის საშუალება არ მიეცა "ნეტგაზეთის" ჟურნალისტს. 

თავს დაესხნენ On.ge-ს ჟურნალსიტს, თამთა კახაბერიძეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ( სსკ-ის 154-ე) და ძალადობის (126-ე) მუხლებით დაიწყოუწყებაში ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე არიან განთავსებული. შსს-ის განცხადებით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მკაცრი და მყისიერი რეაგირება მოჰყვება.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ