05.07.2021
“კურიერის” პროდიუსერი სალომე გირკელიძე ამბობს, რომ მაუწყებლის ოპერატორი შოთა სიკინჭალაშვილი, სავარაუდოდ, ტვინის შერყევის დიაგნოზით, ავაზაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მისივე თქმით, დაშავებულია კიდევ ერთი ოპერატორი, დაზიანებული აქვს ტუჩი და დამტვრეულია ტელევიზიის 2 კამერა.
ნაცემია “TV პირველის” ოპერატორიც. ალექსანდრე ლაშქარავას დაზიანებული აქვს თვალი. მაუწყებლის საინფორმაციოს უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა საათზე მეტი ხნის დაგვიანებით მივიდა და იგი ახლახანს გადაიყვანეს საავადმყოფოში.
რუსთაველზე “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. დაშავებულია მედიის ათობით წარმომადგენელი და დაზიანებულია ტექნიკა. მაუწყებლების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აქციაზე შეკრებილები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებს ავრცელებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან და ძალადობისგან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ( სსკ-ის 154-ე) და ძალადობის (126-ე) მუხლებით დაიწყო.