05.07.2021
ტელეკომპანიების ხელმძღვანელები მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის წახალისებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
“გომელაურმა და ღარიბაშვილმა ნადირობის სეზონი გახსნეს ჩვენს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე. მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას ჩვენ თვითონვე დავიცვათ ჩვენი გადამღები ჯგუფები დ განვარიდოთ ადგილს იმიტომ, რომ დღეს ჩვენი ჟურნალისტებისა და გადამღები ჯგუფების სიცოცხლე არ არის დაცული და უაღრესად საშიშია”, - ამბობს “ტვ პირველის” დირექტორი ვატო წერეთელი.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს “ფორმულას” დირექტორი და დიპლომატიურ კორპუსს მიმდინარე მოვლენებში ჩართვისკენ მოუწოდებს.
“სამწუხაროდ, ამ ვითარებაში ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო ძალადობას. მათი უპასუხისმგებლო განცხადებები არის წამახალისებელი იმისა, რომ ცოტა ხნის წინ სასტიკად სცემეს ჩვენს ჟურნალისტს რატი წვერავას და დღეს მედია იმყოფება საფრთხის წინაშე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას სასწრაფოდ განახორციელონ ყველა ღონისძიება იმისთვის, რომ იყოს დაცული ყველა ჟურნალისტის და ყველა ადამიანის გადაადგილება და ჯანმრთელობა”, - თქვა ზუკა გუმბარიძემ.
ჟურნალისტების მიმართ ძალადობის დროს პოლიციის დაგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობს “მთავარის” დირექტორი ნიკა გვარამია. მისი თქმით, პოლიციის რეაგირება მხოლოდ პოსტ ფაქტუმ იყო და არა პრევენციული. მისივე განმარტებით, ძალადობრივი ჯგუფები უპირისპირდებიან ყველა არხის, მათ შორის სამთავრობო ტელევიზიების ჟურნალისტებს.
“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე რადიკალური ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. დაშავებულია მედიის ათობით წარმომადგენელი და დაზიანებულია ტექნიკა. საავადმყოფოში არიან გადაყვანილი "რუსთავი 2-ის" და "ტვ პირველის" ოპერატორები. მედიების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აქციაზე შეკრებილები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს და ტერიტორიის დატოვებას აიძულებენ.