05.07.2021
“ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას. მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით”, - ნათქვამია საელჩოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას ავრცელებენ ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს, შეერთებული შტატების საელჩოები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა თბილისში.
თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულია 40-მდე ჟურნალისტი და ოპერატორი. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია ტელევიზიების და ონლაინ გამოცემების ტექნიკა.
ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე დაკავებულია თუ არა ვინმე. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ განცხადებას გაავრცელებენ.