ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე შსს-მ 3 პირი დააკავა
06.07.2021
“რუსთავის 2-ის”, “მთავარი არხის”, “ტაბულას” და „ნიუპოსტის“ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი დააკავა. მათგან ორი წარსულში ნასამართლევია.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოკითხულია მედიის 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს მასალების შესწავლა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა.

5 ივლისს, თბილისში “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, აყენებდნენ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფას და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. ჩვენ ამ დროისთვის 47 ჟურნალისტის, ოპერატორის და ფოტორეპორტიორის იდენტიფიცირება შევძელით. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ