მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქციები თბილისსა და რეგიონებში
06.07.2021
რადიკალური ჯგუფების მიერ დაშავებული მედიის წარმომადგენლების მხარდასაჭერად და ძალადობის გასაპროტესტებლად 6-7 ივლისს თბილისში რამდენიმე აქცია დაიგეგმა/ჩატარდა.

“უსაფრთხო მედიაგარემოსთვის!” - ამ ლოზუნგით, 7 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.

ქარტია მოითხოვს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე; ასევე, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 5 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმე და შესაბამისი პირები მიეცენ პასუხისგებაში.

ქარტია მივმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებზე.

დღეს 20:00 საათზე თბილისში, კანცელარიასთან მედიის წარმომადგენლების აქცია დააანონსა “ქართველი ვიდეო ოპერატორები და ფოტოგრაფები-ს” გვერდმაც.

5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად და ძალადობის გასაპროტესტებლად რამდენიმე რეგიონში აქციები დღეს დილით უკვე გაიმართა.

"არა ძალადობას, მოგვეცით მუშაობის საშუალება" - ამ ლოზუნგით მედიასაშუალებების წარმომადგენლები ქუთაისში, თეატრის წინ შეიკრიბნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს დაშავებულ ჟურნალისტებს.

საზოგადოებრივო მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების ორგანიზებით, სოლიდარობის აქცია გაიმართა ბათუმშიც, ევროპის მოედანზე.

ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს გორშიც, სამხარეო პოლიციის დეპარტამენტთან და დამნაშავეების დასჯა მითხოვეს. მოძალადეების პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა გორშიც.

„არა ძალადობას“ - ამ ლოზუნგით კი ჟურნალისტებმა ზუგდიდში გამართეს აქცია.

გუშინ, 5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. ჩვენ ამ დროისთვის 47 ჟურნალისტის, ოპერატორის და ფოტორეპორტიორის იდენტიფიცირება შევძელით. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. დაზიანებული და განადგურებულია ტელევიზიების და ონლაინ გამოცემების ტექნიკა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტზე, სამი პირია დაკავებული. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ