“პალიტრანიუსის” ოპერატორს პარლამენტთან ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენელი თავს დაესხა
06.07.2021
პარლამენტთან “პალიტრანიუსის” ოპერატორ ბექა მშვილდაძეს ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენელი თავს დაესხა. ოპერატორის თქმით, მას თავის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.

მაუწყებლების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელი პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა, თუმცა, უცნობია, დააკავეს თუ არა. შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაციას აზუსტებენ.

ჟურნალისტები პარლამენტის შენობასთან დღეს 20:00 საათზე დაანონსებული "მდუმარე აქციის" გასაშუქებლად არიან შეკრებილნი. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციას უერთდება “თბილისი პრაიდიც”. პარალელურად, კონტრაქციას აანონსებენ ძალადობრივი ჯგუფები.

5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. ჩვენ ამ დროისთვის 47 ჟურნალისტის, ოპერატორის და ფოტორეპორტიორის იდენტიფიცირება შევძელით. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. დაზიანებული და განადგურებულია ტელევიზიების და ონლაინ გამოცემების ტექნიკა.

აქცია ძალადობის გასაპროტესტებლად, მედიის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფმა, მოძრაობა "სირცხვილიამ" და პოლიტიკურმა პარტიებმა დააანონსეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტზე, სამი პირია დაკავებული. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ