“უსაფრთხო მედიაგარემოსთვის” - ჟურნალისტების საპროტესტო აქცია
07.07.2021
“უსაფრთხო მედიაგარემოსთვის” - ამ ლოზუნგით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, 7 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ძალადობრივი ჯგუფების მიერ მედიის წარმომადგენლებზე მიზანმიმართული ძალადობა გააპროტესტეს და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს.

ქარტიამ მიმართა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებზე.

აქციაზე დაშავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად და ძალადობის გასაპროტესტებლად თბილისსა და რამდენიმე რეგიონში აქციები 6 ივლისსაც გაიმართა.

5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაშავებულია მედიის 53 წარმომადგენელი. ჩვენ ამ დროისთვის 49 ჟურნალისტის, ოპერატორის და ფოტორეპორტიორის იდენტიფიცირება შევძელით. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. დაზიანებული და განადგურებულია ტელევიზიების და ონლაინ გამოცემების ტექნიკა.

ამ ეტაპზე, დაზარალებულად ცნობილია 17 ჟურნალისტი და ოპერატორი. პროკურატურამ “რუსთავის 2-ის”, “მთავარი არხის”, “ტაბულას” და „ნიუპოსტის“ ჟურნალისტებზე პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და უკანონოდ ხელშეშლის ფაქტზე, სამ პირს ბრალი წარუდგინა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ