09.07.2021
ორგანიზაციები ამბობენ, რომ 2021 წლის 5 და 6 ივლისს „ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა:
“სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები აქციის ორგანიზატორებისა და მედიის დასაცავად. ძალადობის ფაქტები გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით. ნათელი იყო, რომ არასაკმარისი საპოლიციო ძალები ინერტულად მოქმედებდნენ და ვერ ახერხებდნენ წესრიგის აღდგენას.”
არასამთავრობოები, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, ხელისუფლებას მიმართავენ და მოითხოვენ, რომ:
- 2021 წლის 5 და 6 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმეებზე ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ დამნაშავე პირებს.
- ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან და ღიად დაუჭიროს მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.
პარლამენტს კი მოუწოდებენ, რომ:
- უახლოეს პერიოდში დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით და შეაფასოს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.
- მკაფიოდ და არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები.
- მკაფიოდ გააკეთონ განმარტებები გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.
განცხადებას 20-მდე არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაცია აწერს ხელს:
Institute for Development of Freedom of Information
European Initiative - Liberal Academy Tbilisi
მედიაკლუბი
მედიის განვითარების ფონდი, MDF
Media Rights • მედიის უფლებები
სატელევიზიო ქსელი
Alliance of Broadcasters - Georgia / რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
სამართლიანი არჩევნები (ISFED)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
Rights Georgia / უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი / Open Society Georgia Foundation