არასამთავრობოები ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებაზე ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას
11.07.2021
არასამთავრობო ორგანიზაციები "ტვ პრიველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავსას გარდაცვალებას ასეთი შინაარისის განცხადებებით ეხმიანებიან:
  • "მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ აჩვენებს 5 და 6 ივლისს გამოვლენილი ძალადობის სისასტიკეს და ხელისუფლების დემონსტრაციულ უპასუხისმგებლობას."
  • "დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ ორგანიზატორებიც."
  • "[შსს მინისტრმა] გომელაურმა უბრალოდ თავი მიწაში ჩარგო და პოლიცია უმოქმედოდ დატოვა აქციაზე, ჟურნალისტები შეატოვა ბრბოს. ისიც უნდა გადადგეს."
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებს, რომ მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური თავისი განცხადებით მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე წახალისებას. ორგანიზაციის შეფასებით, გამოძიების პროცესი არაეფექტურად მიმდინარეობს და ეს ხელისუფლების მხრიდან "ძალადობრივი ჯგუფების შეწყნარების კიდევ ერთი დემონსტრაციული აქტია".

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მიიჩნევს, რომ 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები და ოპერატორის გარდაცვალება ერთმნიშვნელოვნად პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ორგანიზაცია მოითხოვს, რომ “ საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს 5-6 ივლისის მოვლენების შესწავლა და გამოიყენოს ყველა შესაძლო საპარლამენტო მექანიზმი, რათა დადგინდეს, თუ რა ტიპის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა აქვთ ამ მოვლენებში პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს”.

განცხადებას ავრცელებს “თანასწორობის მოძრაობაც” და პარლამენტს მოუწოდებს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირის პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთად, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საზედამხედველო მექანიზმი.

“მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას” - აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის და მიიჩნევს, რომ 5 ივლისს ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.

ქარტია მოითხოვს, რომ:

  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;
  • დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ ორგანიზატორებიც;
  • ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;
  • დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;
  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები; დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილიც და წერს:

“1. ირაკლი ღარიბაშვილი არის უპასუხიმგებლო პრემიერი და ძალადობის პროპაგანდისტი. სირცხვილია ასეთი პრემიერის ყოლა და ის უნდა გადადგეს.
2. გომელაურმა უბრალოდ თავი მიწაში ჩარგო და პოლიცია უმოქმედოდ დატოვა აქციაზე, ჟურნალისტები შეატოვა ბრბოს. ისიც უნდა გადადგეს.
3. ჩვენ გვყავს სასულიერო პირები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანობასთან, არიან მოძალადეები და კრიმინალები და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ლექსოს.
4. ქვეყანაში არიან ჯგუფები, რომლებიც ამ ძალადობის ორგანიზებას ახდენენ, სუსი კიდევ მახათების ახალ პარტიას ელოდება და ჩვენი ლაპარაკის უკანონოდ მოსმენითაა დაკავებული. ხელისუფალი, რომელიც ვერ მიცავს, იმ სკამში არ უნდა იჯდეს, სადაც ზის!” - წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნიკა სიმონიშვილი

"მნიშვნელოვანია, რომ დროულად იყვნენ დადგენილი და პასუხისგებაში მიცემული ყველა ის პირი, ვინც 5-6 ივლისის ძალადობის დროს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა დააორგანიზა და აღასრულა" - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

“ეს ბიჭი, ოპერატორი გარდაიცვალა, 5 ივლისის ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი” - წერს საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პირად ფეისბუკ გვერდზე.

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 9 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ