11.07.2021
მედიის წარმომადგენლებმა, პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად, კანცელარიის წინ მიკროფონები და კამერები დაალაგეს ძირს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ:
- ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;
- დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ ორგანიზატორებიც;
- ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;
- დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;
- ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები;
- დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა
„გადადგეს მკვლელი მთავრობა“ – პარალელურად, ამ ლოზუნგით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ „TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სიტყვით გამოდიან ტელეწამყვანები, ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები. აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას დროს დილამდე აძლევენ და აცხადებენ, რომ უნდა გადადგეს პრემიერი ირაკლი ღარიბაშილი და მთავრობის სხვა წევრები.
"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი 11 ივლისს გამთენიისას იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 9 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.