ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება
12.07.2021
"ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პარლამენტის წინ მორიგი აქცია იგეგმება.
მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით აქტივისტები საქართველოს პარლამენტის წინ 18:00 საათზე შეიკრიბებიან. 

აქციის მონაწილეებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ:

1. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა;
2. ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც 5-6 ივლისს თავს ესხმოდნენ ადამიანებს. ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემა. 
 
"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 9 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.
 

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ