13.07.2021
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ბრიფინგის დაწყებამდე, ჟურნალისტები ტრიბუნის წინ ავიდნენ და გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოებით ხელში დადგნენ. საპროტესტო გამოსვლის შემდეგ კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფიგი დაიწყო.
„გადადგეს მკვლელი მთავრობა“ - ამ ლოზუნგით, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო, 11-12 ივლისს თბილისში, პარლამენტის წინ აქციები გაიმართა. არასამთავრობო სექტორი, მედიაორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 8 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.