პროტესტის ნიშნად, რეგიონულმა ტელევიზიებმა 10 წუთით ეთერი გათიშეს
13.07.2021
13 ივლისს 15:00 საათზე რეგიონულმა ტელევიზიებმა, ალექსანდრე ლაშაქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად, 10 წუთით ეთერი გათიშეს. ათზე მეტი რეგიონული მაუწყებლის ეკრანებზე ამ დროის განმავლობაში ეკრანზე ჩანდა წარწერა “ლექSOSთვის”.

ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი შემდეგმა რეგიონულმა მაუწყებლებმა: “გურია”, “მეცხრე ტალღა”, “ოდიში”, TOK TV , “აგროგარემო”, TV/25, “მეცხრე არხი”, “თანამგზავრი”, TV 4, “რიონი”, “ბორჯომი tv”

დღეს დილით კი მთავრობის ადმინისტრაციაში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ბრიფინგის დაწყებამდე, ჟურნალისტები ტრიბუნის წინ ავიდნენ, ალექსანდრე ლაშქარავას ფოტოებით ხელში დადგნენ და მისი გარდაცვალება წუთიერი დუმილით გააპროტესტეს.

„გადადგეს მკვლელი მთავრობა“ - ამ ლოზუნგით, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო, 11-12 ივლისს თბილისში, პარლამენტის წინ აქციები გაიმართა. არასამთავრობო სექტორი, მედიაორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 8 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ