ჟურნალისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მდუმარე აქცია გამართეს
15.07.2021

მედიის წარმომადგენლებმა  5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმები კიდევ ერთი აქციით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გააპროტესტეს. ჟურნალისტები მდუმარე აქციაზე "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ. 

მედიის წარმომადგენლები რამდენიმე დღეა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და თავდასხმებში მონაწილე და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ. 

პროტესტის ნიშნად ოთხმა ცენტრალურმა ტელევიზიამ - "ტვ პირველმა" , "მთავარი არხმა", "ფორმულამ" და "კავკასიამ" 14 ივლისს 24 საათით მაუწყებლობას შეწყვიტეს 13 ივლისს 15:00 საათზე ეთერი გათიშეს რეგიონულმა ტელევიზიებმაც. 

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 8 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.
 

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ