20.07.2021
“საგამოძიებო ორგანო „არ ჩქარობს“ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების იდენტიფიცირებას და მათთვის ბრალის წარდგენას”, - ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.
რა ეტაპზეა გამოძიება?
- შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის, ნინო ცხადაძის ინფორმაციით, მედიის წარმომადენლებზე თავდასხმის საქმეზე 22 ადამიანია დაკავებული.
- პროკურატურის ცნობით, დღეისთვის დაზარალებულად 40 ჟურნალისტი ცნეს.
ადამიანთა უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლობდარიძე 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმაზე საუბრის დროს პარალელს 2019 წლის 20-21 ივნისიის მოვლენებთან ავლებს, როდესაც აქციაზე დაშავებული ჟურნალისტებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდა: „სანამ მათი საქმეები სტრასბურგში არ გავაგზავნეთ, დაზარალებულადაც კი არ ცნეს“- ამბობს ცხადაძე.
როგორ აფასებენ გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაციები?
“ახლა ყველაზე მთავარი არა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, არამედ იმ დამნაშავეების დაკავებაა, რომლებიც სახეზე გვყავს და რომელთა საქმეების გახსნასაც სწორედ ჟურნალისტებმა შეუწყეს ხელი თავიანთი გადაღებული კადრებით”, - ამბობს ნესტან ლობდარიძე.
ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც 5-6 ივლისს, თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს.
დაშავებული ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების ინტერესების დაცვაში შვიდი ორგანიზაციაა ჩართული:
- „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
- „ადამიანთა უფლებათა ცენტრი“
- „უფლებები საქართველო“
- „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“
- „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“
- “ადამიანის უფლებათა სახლი”
- “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”.
„[“ალტ-ინფოს” წევრების] გამოკითხვაზე დაბარება უბრალოდ ფასადი მგონია. საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდათ, რომ ორგანიზატორების მიმართ დაეწყოთ სამართლებრივი დევნა. ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდება იყო და ეს მათს დასაკავებლად და ბრალის წარსადგენად საკმარისია. საფუძველი არის, მაგრამ როგორც ჩანს, ნება არა” - ამბობს მარი კაპანაძე.