"ფორმულას" ფოტოგრაფზე ძალადობისთვის შსს-მ 2 პირი დააკავა
30.07.2021

ტელეკომპანია "ფორმულას" ფოტოგრაფის, ვახო ქარელის მიმართ ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვახო ქარელი ერთ-ერთია მედიის იმ 53 წარმომადგენლიდან, რომლებსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ. "ფორმულას" ინფორმაციით, ფოტოგრაფმა საავადმყოფოში რამდენიმე დღე გაატარა და მას ქალა ტვინის დახურული ტრავმა და თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ცხრა აპრილის“ ბაღში, ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორს ჟურნალისტური საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ორივე ბრალდებული ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე დააკავეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

შსს-ის ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ 31 ადამიანია დაკავებული.


ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე

 


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ