სასამართლომ ქარტიის წინააღმდეგ „აჭარის ტელევიზიის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
02.08.2021

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წინააღმდეგ.

სადავო საკითხი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქარტიის მიერ 2020 წლის 20 ივლისს „აჭარის ტელევიზიის“ მონიტორინგში აღწერილ ფაქტებსა და შედეგებს არ დაეთანხმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

მაუწყებელი ანგარიშში მითითებული გარემოებების ცილისწამებად შეფასებასა და უარყოფას, ასევე ზიანის ანაზღაურებას 1 ლარის ოდენობით ითხოვდა.

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კადრების სამსახურის უფროსი ემზარ პაქსაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სადავო იყო მონიტორინგში მითითებული 7 ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მათი პოზიციით, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

„სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადებისას იქვე განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ:

·        გავრცელებული ინფორმაცია იყო ცილისწამება, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს

·        მიუთითა, რომ ფაქტები ნათლად არ იყო წარმოდგენილი და იძლეოდა ინტერპრეტაციის საშუალებას

·        და იყო შეცდომაში შემყვანი

თუმცა იქვე მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზარა ჩვენი მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო არსებითად ცილისმწამებლური, წინასწარ განზრახული ინფორმაცია, რომელიც ლახავდა მაუწყებლის რეპუტაციას“, - ამბობს ემზარ პაქსაძე.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად შეაფასა მოცემული გარემოება.

„მხარე ძირითადად უთითებდა შეფასებებზე და არა ფაქტობრივ გარემოებებზე, ცილისწამება კი არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელებას გულისხმობს. ჩვენთვის ამ წუთასაც ცხადია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შეფასებები არასწორი იყო და ქარტიამ სწორად შეაფასა მედიამონიტორინგის შედეგი“, - ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.

მისი განმარტებით, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რა ზიანი მიადგა მონიტორინგის ანგარიშის შედეგად მოსარჩელეს.

რა წერია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის ანგარიშში?

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, „ღია საზოგადოების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემებს 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 4 ივნისის ჩათვლით პერიოდში ადევნებდა თვალყურს (2020 წლის 11 მარტიდან 20 აპრილამდე მონიტორინგი შეჩერებული იყო).

დაკვირვების მიზანი იყო, იმის გარკვევა, ხომ არ შეიცვალა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ.

მონიტორინგის შედეგში ვკითხულობთ: „საანგარიშო პერიოდი დაემთხვა დაპირისპირების პერიოდს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორსა და იმ გუნდს შორის, რომელიც ამზადებდა დასაკვირვებლად შერჩეულ გადაცემებს. გუნდის წევრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდნენ არხის სარედაქციო პოლიტიკას, თუმცა, საკადრო ცვლილებების შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულ გადაცემებში შეიცვალა.“


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ