რატომ გაათავისუფლეს ირაკლი აბსანძე პირველი არხიდან
11.08.2021
ტოქშოუ „კვირის ინტერვიუს“ წამყვანი, ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან, 9 აგვისტოს გაათავისუფლეს. გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის ბრძანებაში განმარტებულია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი აბსანძის მხრიდან მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევაა. თავად ჟურნალისტი კი მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლების “მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მიზეზი, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა გახდა”.

რა გახდა გათავისუფელბის საფუძველი - რა წერია ბრძანებაში

პირველი არხის გენერალური დირექტორის ბრძანებაში აბსანძის გათავისუფლების მიზეზებად მაუწყებლის ქცევის კოდექსის შემდეგი მუხლებია მოყვანილი:

მათ შორის არის სოციალური ქსელების გამოყენების წესების მე-7, მე-10, მე-14 და მე-15 მუხლების დარღვევა. ამ წესების მიხედვით, პირველი არხის თანამშრომელს სოციალურ ქსელში აქტივობისას ეკრძალება არანორმატიული ლექსიკის, სიძულვილის ენის გამოყენება, პოლიტიკური პრეფერენციების საჯაროდ გამოხატვა და მაუწყებლის რეპუტაციის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელება.

გარდა სოციალურ ქსელში ქცევის წესების დარღვევისა, მაუწყებელი აბსანძის გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველად “საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის” 22-ე მუხლსის დარღვევასაც ასახელებს, რაც გულისხმობს, რომ მაუწყებლის თანამშრომლებს, ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე, ეკრძალებათ კონკურენტ მედიასაშუალებაში გამოჩენა და მონაწილეობა, ასევე, ანაზღაურებით ან უსასყიდლოდ მუშაობა.

სხვა მედიასთან თანამშრომლობის შესახებ აბსანძე ამბობს, რომ ორი ბლოგი გამოაქვეყნა ონლაინ გამოცემა “პუბლიკაში”, რომელსაც პირველი არხის კონკურენტად არ მიიჩნევს და ამბობს - „პირველი არხის” ვებგვერდზე არ შემეძლო თვალსაზრისების წერა, არ აქვთ ბლოგების განყოფილებაო.

რა უძღოდა წინ მაუწყებლიდან გათავისუფებას

ჟურნალისტ ირაკლი აბსანძეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორის, გიორგი გვიმრაძისგან ორჯერ მიუვიდა გაფრთხილების წერილი. პირველად საქმე ეხებოდა მის განცხადებას, როდესაც გაემიჯნა დავითგარეჯის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაღებულ საგამოძიებო ფილმს.

“ვფიქრობ, რომ ამ ფილმმა წაახალისა სიძულვილი. მეორე შემთხვევა კი ეხებოდა 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ ჩემს აქტივობას სოციალურ ქსელში და ზოგადად”, - ამბობს ირაკლი აბსანძე.

5-6 ივლისს დაწყებულ პროტესტს ირაკლი აბსანძე ფეისბუკით უჭერდა მხარს, “ტვ პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, კი ის აქტივისტებს შეუერთდა. აბსანძე სოციალურ ქსელში ღიად აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით იხსენიებდა სამთავრობო უწყებებს.

აბსანძე ამბობს, რომ ამის საშუალებას ქვეყანაში შექმნილი “სრულიად არაორდინალური ვითრება აძლევდა”, როდესაც ათობით ჟურნალისტს სიძულვილის ჯგუფები დაესხნენ თავს:

“ასეთ დროს, “რომის პაპზე მეტად კათოლიკეები ვერ ვიქნებბოდით” და ეს გვიხსნის ხელს საქართველოს მოქალაქეებს, პროფესიის მიუხედავად, გამოვხატოთ ჩვენი აზრი იმ ფორმით და იქ, სადაც საჭიროდ მივიჩნევთ და სადაც ეფექტური იქნება.”

26 ივნისს, გიორგი გვიმრაძე თავის მოხსენებით ბარათში მაუწყებლის დირექტორს მიმართავდა და წერდა, რომ ირაკლი აბსანძის “განცხადებები/პოსტები ცდება სიტყვისა და აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლებას და აზიანებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიან რეპუტაციას, შეურაცხყოფს ჟურნალისტის პროფესიასა და მესამე (მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის) პირებს, მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებსა და ცალკეულ თანამშრომლებს, ახდენს საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც მედია ინსტიტუტის დისკრედიტაციას, ასევე მაუწყებლის მიმართ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და არხისადმი ნდობის ჩამოყალიბების პროცესზე მკვეთრად უარყოფით გავლენას”.

ირაკლი აბსანძე ამ გაფრთხილების მიღებიდან 2 კვირაში გაათავისუფლეს სამსახურიდან.

რას უკავშირებს ჟურნალისტი გათავისუფლებას

“კარგა ხანია ეკალივით ვარ მაუწყებელში” - ამბობს ირაკლი აბსანძე და სამსახურიდან გათავისუფლებას “თავის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას” მიაწერს.

ის იხსენებს, რომ მის გადაცემაში ბოლო სეზონების მანძილზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ დადიოდნენ, მაშინ, როდესაც ისინი მუდმივად სტუმრობდნენ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, გიორგი გვიმრაძის გადაცემას.

მისი თქმით, პირველი არხის ხელმძღვანელობამ კანონი მის გასათავისუფლებლად "სათავისოდ განმარტა" და აპირებს, მაუწყებლის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს, რაზეც იურისტები უკვე მუშაობენო.

გიორგი გვიმრაძესთან და თინათინ ბერძენიშვილთან დაკავშირება არაერთხელ ვცადეთ. მაუწყბელის დირექტორმა ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა, გიორგი გვიმრაძემ კი, “მოუცლელობის გამო”, ჩვენთვის ზეპირ ანდა წერილობით კითხვებზე საპასუხოდ დრო ვერ გამონახა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ