17.08.2021
“მივდივარ “რუსთავი 2-დან”, რადგან ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ამ არხზე. არ ვეთანხმები სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და რომელიც მაყურებლისთვისაც საგრძნობია”, - დაწერა ცხომელიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე.
"რუსთავი 2-სა" და "პრაიმტაიმის" ჰოლდინგის ერთ-ერთ დირექტორი ვაკო ავალიანი ამბობს, რომ მისთვის, თეონა ცხომელიძის არხიდან წასვლის რეალური მიზეზები უცნობია: „გრძელდება იგივე სარედაქციო პოლიტიკა, რაც აქამდე იყო. არხი გადასულია საარჩევნო რეჟიმზე და ყველა პარტიის საარჩევნო აქტივობა შუქდება”, - ამბობს ვაკო ავალიანი.
11 აგვისტოს “რუსთავი 2” დატოვა ჟურნალისტმა გურამ როგავამაც. მან თქვა, რომ 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, არხის საინფორმაციო პოლიტიკა, ხედვა და მიდგომები მისთვის მიუღებლად შეიცვალა.
ვაკო ავალიანი ამბობს, რომ არ გააკეთებს კომენტარს იმაზე, თუ რას ასახელებენ თანამშრომლები არხიდან წასვლის მიზეზად: “ჩემი თანამშრომლები ჩემთან სხვას ამბობენ და რომ მიდიან მერე სხვა განცხადებებს ვისმენ ხოლმე, რაც გასაოცარია. “რუსთავი 2” აშუქებდა და აშუქებს ყველა პოლიტიკური სუბიექტის წინასაარჩევნო პროცესს და აქტივობას. ვინ რას ამბობს, სიმართლე რომ გითხრათ, ეგ ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია, ეთერში რა გადის“.
გურამ როგავა “რუსთავი 2-დან” ტელეკომპანია "ფორმულაში" გადავიდა. თეონა ცხომელიძემ კი დაწერა, რომ “სახლში მიდის”.