“მწვანე შუქი ჟურნალისტებზე ძალადობას” - ვახო სანაიაზე თავდამსხმელები ციხეს ტოვებენ
25.08.2021
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელები ციხეს ტოვებენ. სანაია ამბობს, რომ სასამართლომ “მწვანე შუქი აუნთო ჟურნალისტებზე ძალადობას”. უფლებადამცველები კი მიიჩნევენ, რომ სასჯელი ადეკვატური არ არის და სასამართლოს გადაწყვეტილება კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიას ახალისებს.

"დაუსჯელობის სინდრომი"

25 აგვისტოს ვახო სანაიაზე თავდამსხმელი 3 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მინიმალური სასჯელი - 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულები 25 თებერვალს დააკავეს და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იყვნენ, რაც სასჯელის მოხდად ჩაეთვალათ. შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს ტოვებენ.

“სასამართლო დამონებულია”, “თავდასხმა დანაშაულია”, “მოძალადეების ადგილი ციხეშია” - მსგავსი შინაარსის ბანერებით სასამართლოს წინ ჟურნალისტებმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. “ეს ქმნის ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს. ამ დაუსჯელობის სინდრომმა გამოიწვია 5 ივლისი”, - ამბობს ვახო სანაია "ფორმულასთან" საუბრისას.

მისი ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი მიიჩნევს, რომ “სასჯელი ადეკვატური არ არის”.

სასჯელს არ ეთანხმებიან თავდამსხმელები. მათი ადვოკატი "ფორმულასთან" ამბობს, რომ უდანაშაულოები არიან და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

როგორ აფასებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას უფლებადამცველები

„აქამდე ვინმეს თუ შეიძლებოდა სასამართლოსი შეშინებოდა, ეგ შიშიც გაქრება. ეს არის მედიაზე ძალადობის მორიგი წახალისება”, - ასე აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა. ჟურნალისტისა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტისადმი სასამართლოს რბილი დამოკიდებულება კი წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთ საფრთხეს.

რა მოხდა

ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას 25 თებერვალს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის, მიმართ ჰქონდათ.


მთავარი ფოტო: "ფორმულა"

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ