01.09.2021
ანგარიშში, სახელწოდებით, “კრიტიკული ჟურნალისტების დევნა და შევიწროება აჭარის ტელევიზიაში”, მიმოხილულია თუ როგორ დაიწყო და განვითარდა კრიზისი მაუწყებელში 2019 წლის აპრილიდან, მაშინდელი დირექტორის, ნათია კაპანაძის, იმპიჩმენტის შემდეგ. კვლევაში საუბარია “მმართველ პარტიასთან აფილირებული ხელმძღვანელობის მიერ უკანონოდ გათავისუფლებული ან შევიწროებული ათობით კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლის საქმეზე”.
ორგანიზაციის შეფასებით, აჭარის ტელევიზიაში გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, მისი საკადრო გადაწყვეტილებები მიმართული იყო არხზე კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვისა და შევიწროებისკენ. კვლევაში ვკითხულობთ, რომ მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა კი სათანადოდ არ რეაგირებს ტელევიზიაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებზე და ვერ უზრუნველყოფს მენეჯმენტის ეფექტურ კონტროლს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეკომენდაციები:
- ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს აჭარის ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევა მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით;
- აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა უნდა შეწყვიტოს კრიტიკული ჟურნალისტების შევიწროება, გათავისუფლება და უზრუნველყოს ყველა თანამშრომლის შრომითი უფლებების დაცვა და სარედაქციო საქმიანობის დამოუკიდებლობა;
- მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დროულად განიხილოს ტელევიზიის თანამშრომლების დავები ტელევიზიის წინააღმდეგ და უზრუნველყოს მათი უფლებების ეფექტური დაცვა/აღდგენა;
- მრჩეველთა საბჭომ შეასრულოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა, უზრუნველყოს მენეჯმენტის საქმიანობის ეფექტური კონტროლი და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს, თუ რამდენად კანონიერად მოქმედებს მენეჯმენტი/დირექტორი.
რა ხდებოდა მანამდე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, აჭარის ტელევიზიაში საკადრო ცვლილებების შემდეგ, გარკვეულ გადაცემებში სარედაქციო პოლიტიკაც შეიცვალა. ქარტია მაუწყებლის გადაცემებს 2019 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში, მაუწყებლის ახალ დირექტორსა და გუნდს შორის დაპირისპირების პერიოდში, ამონიტორინგებდა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქარტიის მიერ 2020 წლის 20 ივლისს „აჭარის ტელევიზიის“ მონიტორინგში აღწერილ ფაქტებსა და შედეგებს არ დაეთანხმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. პროცესი ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი არ დააკმაყოფილა.