"ტვ პირველი": ჩვენს ოპერატორს ავტომობლი განზრახ შეაჯახეს
07.09.2021

„ტვ პირველის“ ოპერატორს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ავტომობილი შეაჯახეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.

რა მოხდა?

ტელევიზიის გადამღები ჯგუფი ფონიჭალაში ნარკორეალიზატორების დაკავების სპეცოპერაციას აშუქებდა. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, გვიყვება, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტები ინფორმაციის მოპოვებას დაკავებულების ახლობლებისგან ცდილობდნენ.

„ამ დროს გამოვიდა მანქანა, რომელიც, სავარაუდოდ, კავშირში იყო დაკავებულებთან და განზრახ შეეჯახა ჩვენს ოპერატორს. კადრებში შესაძლებელია მანქანის ნომრის იდენტიფიცირება, ამიტომ სამართალდამცველებს ეს არ უნდა გაუჭირდეთ“, - ამბობს მელაძე.

„ტვ პირველში“ გვეუბნებიან, რომ ინციდენტის შედეგად დაზიანდა სამაუწყებლო აპარატურა.

ოპერატორის მდგომარეობა

ნოდარ მელაძის ინფორმაციით, დაშავებული ოპერატორი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და მძიმე დაზიანებები არ მიუღია.

"სამუშაო პროცესი იყო ჩვეულებრივად, უბრალოდ ერთ-ერთი დაკავებულის ნათესავი გაღიზიანდა, რადგან ჩემს საქმეს ვაკეთებდი, პირდაპირ მოვიდა და მანქანით ფეხში დამეჯახა. ისე აღმოჩნდა, რომ მარტო მე მომხვდა, საბედნიეროდ, სხვები გადარჩნენ.", - ამბობს დაშავებული ოპერატორი ლევან ბრეგვაძე.

გამოძიება დაწყებულია

ოპერატორზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

ქარტია ხელისუფლებას ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდებს დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები.

ქარტია მოუწოდებს შსს-ს სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტებზე თავდასხმის თითოეული ფაქტი და მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს. 


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ