სახელმწიფო “ალტ-ინფოს” სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - არხი სამაუწყებლო არეალს იფართოვებს
10.09.2021
“ალტ ინფოს” - არხს, რომლის წამყვანები და მფლობელებიც 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები იყვნენ, კომუნიკაციების კომისიამ ეროვნული მასშტაბით მაუწყებლობის უფლება მისცა.

კომისიის ამ გადაწყვეტილებით, არხის ყურება მთელი საქართველოს მასშტაბით, უფასო სიგნალით ან ფასიანი პაკეტების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

რა მოხდა

ტელემაუწყებლობის უფლება კომუნიკაციების კომისიისგან “ალტ-ინფომ” 2020 წლის 26 ნოემბერს მიიღო. არხის ყურება აქამდე მხოლოდ “მაგთიკომისა”და “ახალი ქსელების” დაახლოებით 400 000-მდე აბონენტს და, ასევე, რუსთავის და სენაკის მულტიპლექს პლატფორმის მომხმარებლებს შეეძლოთ.

არხმა კომუნიკაციების კომისიას ავტორიზაციის მოდიფიცირების მოთხოვნით 6 სექტემბერს მიმართა და მოითხოვა მაუწყებლობის გავრცელება “სტერეო პლიუსის” მულტიპლექს პლატფორმის საშუალებით.

9 სექტემბერს კომისიამ “ალტ-ინფოს” მოთხოვნა დააკმაყოფილა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღო.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის
  • 45-ე პრიმა მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის მოდიფიცირება, იგი ვალდებულია 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას.
  • 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ამავე დღეს, სხდომაზე გაირკვა, რომ “ალტ-ინფო” და “სილქნეტი” რამდენიმე თვიანი დავის შემდეგ შეთანხმდნენ და მაუწყებელი “სილქნეტის” პაკეტშიც დაემატება. რაც იმას ნიშნავს, რომ არხი “სიქნეტის” 250 000-მდე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

რა საფრთხეს ხედავენ იურისტები

"ალტ-ინფოსთვის" ეროვნული მაუწყებლობის უფლების მინიჭებას და, შესაბამისად, უფრო დიდ აუდიტორიაზე გასვლას, საფრთხის შემცველად მიიჩნევენ იურისტები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ჰომოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, რასაც აქამდე ეთერის მეშვეობით შედარებით ვიწრო აუდიტორია ისმენდა, დღეიდან ბევრად უფრო დიდ აუდიტორიისთვის გახდა ხელმისაწვდომი:

“როცა პუბლიკა ფართოვდება, დიდია იმის შანსი, მეტ ადამიანს გაუჩნდეს ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობის სურვილი” - ამბობს სიმონიშვილი.

5 ივლისის ძალადობრივი აქციიდან დღემდე

5 ივლისს, თითქმის 12 საათის განმავლობაში, “ალტ-ინფო” საგანგებოდ, უწყვეტად, პირდაპირ ეთერში აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდა. სიძულვილის ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს. “ალტ-ინფოს” წამყვანები ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ განცხადებებს თავიანთი ტელევიზიის ეთერით და იუთუბ არხით ამ დღის შემდეგაც ავრცელებენ.

“იმ მოწოდებებმა რა გავლენა მოახდინა 5 ივლისის მოვლენებზე, ეს დღემდე არ არის შესწავლილი და გამოძიებული” - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

16 ივლისს პოლიციამ "ალტ-ინფოს" წამყვანების და დამფუძნებლების საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკა და თითოეული მათგანი განყოფილებაში დაკითხავზე გადაიყვანა. თუმცა, სამართალდამცველებმა ყველა მათგანი იმავე დღეს გამოუშვა და ამ დრომდე არც ერთის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

9 სექტემბერს, კომუნიკაციების კომისიის სხდომას ესწრებოდა მედიაკოალიციის კოორდინატორი ნათია კაპანაძეც.

„რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც მაუწყებლის დირექტორისთვის, საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოება?“ - ჰკითხა მან ალტ-ინფოს” დირექტორ შოთა მარტინენკოს, რაზეც მარტინენკომ არ უპასუხა და თქვა, რომ ვერ მიხვდა რა კავშირი აქვს კითხვას სხდომაზე განსახილველ საქმესთან.

“როდესაც ის [მარტინენკო] თავად მოუწოდებდა ხალხს ჟურნალისტებზე ძალადობისაკენ, საინტერესოა, როგორ ხედავს მომავალში [მედიის]საქმიანობას?” - გვეუბნება ნათია კაპანაძე.

“ალტ-ინფოს” დამფუძნებლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოთხოვნა

6 სექტემბერს სახალხო დამცველმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები საკმარისია, რომ ზურაბ მახარაძისთვის ბრალის წარსადგენად დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ საჯაროდ მოქმედების ფაქტებზე.

5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას 2 თვეზე მეტია უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ