15.09.2021
ჟურნალისტი ბექა ყორშია, რომელიც ქარელში ოპერატორთან ერთად იყო, გვიყვება, რომ “ქართული ოცნების” შტაბში მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის ჩასაწერად იყვნენ მისულები:
“გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუსის აგენტია და მქონდა რამდენიმე შეკითხვა. ამ ყველაფერმა გააღიზიანა “ოცნების” წევრები, რომლებიც იყვნენ შტაბში. გამოგვაგდეს. აღარც გვიცდია შეცვლა. ვწერდით სტენდაფს, გამოვარდნენ და გაგვისწორდნენ”.
მისი თქმით, ოპერატორის მდგომარეობა მძიმეა - “მეუბნებოდა ფეხს ვერ ვამოძრავებო, ზურგს და ხელს ვერ ვგრძნობო”.
"ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ ბექა ყორშია იქ პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა, რა დროსაც გამოაძევეს შტაბიდან. მისივე თქმით, სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება იყო, თუმცა, არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და "ოცნების" შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა: " "მთავარი არხის" ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის მოაჯირს წამოედო და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე".
"მთავარი არხი" ამბობს, რომ თავდასხმის ვიდეოკადრები გადაღებული აქვთ და მალე გამოაქვეყნებენ. თავის მხრივ, მამუკა მდინარაძეც ამბობს, რომ მათაც ვიდეომასალა გადაღებული და გაავრცელებენ.