ჟურნალისტები ცესკოს რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებენ
23.09.2021
ცენტრალური საარჩევნო კომისიის „ინფორმაციული დაცულობის ცენტრმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც 1-10 სექტემბრის ჩათვლით ონლაინ მედიას და ტელევიზიებს აკვირდებოდა. ეს მათი მეორე ასეთი ანგარიშია.

ამ ანგარიშის მიხედვით, 30-ზე მეტ მედიას ცესკოს შესახებ დეზინფორმაციული მასალა აქვს გავრცელებული, მაგრამ ამ ანგარიშში ვერ შეხვდებით კვლევის მეთოდოლოგიას. მედიის დიდი ნაწილის შემთხვევაში კი ვერ იპოვით ბმულებს, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ისინი მართლაც ავრცელებენ დეზინფორმაციულ მასალებს.

რედაქციის შენიშვნა: ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, "ინფორმაციული დაცულობის ცენტრმა" 23 სექტემბრის 18:30 საათზე განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ. 

„გაუგებრობა“


„ინფორმაციის დაცულობის ცენტრი“ 2020 წელს საპილოტე პროექტის სახით საერთაშორისო ორგანიზაცეიების IFES-სა და USAID-ის მხარდაჭერით დაიწყო. მედიამონიტორინგი კი, რომელსაც 15 ადამიანი ატარებს და 500-ზე მეტ პლატფორმას აკვირდება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მათი მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, 16 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე On.ge-მ 5, „პუბლიკამ“ და „ნეტგაზეთმა“ კი 3-3 დეზინფორმაციული მასალა გამოაქვეყნა. თუმცა ვერცერთმა მედიამ ვერ მოისმინა არგუმენტი, რაც ამ დაკვირვების შედეგებს გაამყარებდა.

alt

დოკუმენტის პირველ ვერსიაში „რადიო თავისუფლებაც“ მოხვდა, რაც მოგვიანებით „ტექნიკური შეცდომის“ მიზეზით ცხრილიდან ამოიღეს.

ამ „გაუგებრობის“ გასარკვევად და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მედიის მონიტორინგის ანგარიშთან გაჩენილი შეკითხვების გამო on.ge-ის, „პუბლიკასა“ და „ნეტგაზეთის“ რედაქტორები „ინფორმაციის დაცულობის ცენტრის“ ხელმძღვანელს გივი ხაჭაპურიძეს ცესკოს ინიციატივით შეხვდნენ.

ცესკოს „ინფორმაციის დაცულობის ცენტრის“ განცხადება

23 სექტემბერს, მედიასთან შეხვედრის მეორე დღეს „ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მედიის მიერ ცენტრის საქმიანობაზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე საჭიროება და ასევე ტექნიკური ხარვეზი.

„რადიო თავისუფლებასა“ და „ნეტგაზეთთან“ მიმართებით რაოდენობრივი ანალიზის მომზადებისას, - ავტომატურად მოინიშნა კრიტერიუმი - „დეზინფორმაცია“, რაც აღმოჩენისთანავე გამოსწორდა. „აქცენტნიუსთან“, „პუბლიკასა“ და On.ge-სთან მიმართებით კი, გამოიკვეთა, რომ რაოდენობრივი ანალიზის მომზადებისას აღნიშნული სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოხვდა დეზინფორმაციის ჭრილში, რაც ასევე წარმოადგენდა მონიტორინგის ხარვეზს და შესაბამისად აღმოიფხვრა.“, - წერია ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

"ინფორმაციის დაცულობის ცენტრი" ამბობს იმასაც, რომ გუშინდელ შეხვედრაზე მედიასაშუალებებთან კონსულტაციების საფუძველზე განისაზღვრა, რომ მედიის მხრიდან ბალანსის დაცვის საკითხი, ასევე ანალიზის შედეგები უფრო დეტალურად იქნება აღწერილი რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის წარმოებისას. „ინფორმაციის დაცულობის ცენტრის“ მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია კი უფრო ზუსტი იქნება და კონკრეტულად ასახავს დეტალებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოცემული იქნება ანგარიშებში.

„პუბლიკას“, On.ge-სა და „ნეტგაზეთის“ რედაქტორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი ამბობენ, რომ „ინფორმაციული დაცულობის ცენტრის“ განცხადება მკითხველისთვის ბუნდოვანია და "რასაც ცესკო ხარვეზს და შეცდომას უწოდებს, მედიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება და დეზინფორმაციის გავრცელებაში დადანაშაულებაა". 

მედია „ინფორმაციის დაცულობის ცენტრისგან“ შეცდომის აღიარებას ითხოვს

მედიასაშუალებების რედაქტორებმა 22 სექტემბრის შეხვედრაზე გივი ხაჭაპურიძეს მოსთხოვეს, კვლევის შედეგების ფაქტებით გამყარება, ან მიყენებული რეპუტაციული ზიანის აღიარება.

“ეს ანგარიში ინგლისურ ენაზე, სავარაუდოდ, სხვა ორგანიზაცებსაც გადაუგზავნეს. არ ვიცით, ვისთან შეგვილახეს რეპუტაცია, ამიტომ ველოდებით, რომ ცესკო ჩაასწორებს და ამოიღებს ამ ყველაფერს, და აღიარებს, რომ შეეშალა“, - გვეუბნება „ონ.ჯის“ რედაქტორი ხატია ღოღობერიძე.

On.ge-ის „ხუთი დეზინფორმაცია“, როგორც ხატია ღოღობერიძე ამბობს, ერთ მასალაში აღმოჩნდა და როდესაც რედაქციამ ცესკოსგან მისი დაზუსტება მოითხოვა, პასუხად მიიღეს, რომ ეს „ტექნიკური შეცდომაა“.

„დეზინფორმაცია არის განზრახ მოგონილი, ცრუ ინფორმაცია დეზინფორმაციის ობიექტის დისკრედიტაციის მიზნით. ისე ჩანს, თითქოს „პუბლიკაში“ ჟურნალისტი დაჯდა, მოიფიქრა რაღაც ინფორმაცია, მოიგონა, დაწერა და გამოაქვეყნა“ - ამბობს „პუბლიკას“ რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი.

კვლევაში ჩართულ დიაგრამაში მითითებულია, „პუბლიკამ“ 3 დეზინფორმაციული მასალა გამოაქვეყნა. დეზინფორმაციად შეფასდა არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ ერთ-ერთი განცხადება ცესკოს შესახებ და მოძრაობა „სირცხვილიას“ შექმნილი „სამოქალაქო საარჩევნო კომისისს“ მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გაშუქება. ეს მასალები ახალი ამბების სახითაა გავრცელებული და მითითებულია განცხადების წყაროები.

„დეზინფორმაცია მიზანიმართულად გაავრცელა, ან რამე მოიგონაო, ჩვენ არსად გვითქვამს. მხოლოდ ფაქტის კონსტანტაციაა აქ და არანაირი ბრალდება მედიაზე, რომ ისინი არიან დეზინფორმატორები. აქ გაუგებრობის ამბავია, ტერმინოლოგიის ამბავიც შეიძლება იყოს და ჩარტებში სხვანაირი აღქმის ამბავი.“ - ამბობს „ინფორმაციის დაცულობის ცენტრის“ ხელმძღვანელი გივი ხაჭაპურიძე.

ანგარიშში „დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაზე“ სიტყვა სიტყვით მართლაც არაფერი წერია, მაგრამ ანგარიშში ეს მედიები განმარტების გარეშე, მხოლოდ დეზინფორმაციის შემცველი მასალის გამავრცელებლად არიან მოხსენიებული.

მონიტორინგის მიხედვით, „ნეტგაზეთს“ საკვლევ პერიოდში სამი დეზინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული, თუმცა როგორც გამოცემის რედაქტორი, დავით ქოქოშვილი ამბობს, ცესკომ მათ ვერ აჩვენა მასალა, რითაც ამას დაადასტურებდა.

ინტერესთა კონფლიქტი

„შენს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ობიექტურად შენვე ვერ შეაფასებ. მედიამონიტორინგს უნდა ატარებდეს გარე, მიუკერძოებელი ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ მოიტყუოს ან ფატქები შეცვალოს, მისი ერთადერთი ინტერესი არის, რომ დააკვირდეს.“, - ამბობს ნეტგაზეთის რედაქტორი.

ინტერესთა კონფლიქტის პრობლემას ვერ ხედავს „ინფორმაციის დაცულობის ცენტრის“ ხელმძღვანელი და ამბობს, რომ ცესკოს „ქება-დიდებას არ ემსახურებიან“.

„ჩვენ ვართ „ინფორმაციის დაცულობის ცენტრი“, რომელიც მედიაში ეძებს იმ ინფორმაციებს, რომლებიც არის ცესკოსთან დაკავშირებით, შემდგომ ამას ახარისხებს და იმ დეზინფორმაციის შემცველ მასალებზე აკეთებს რეაგირებას. არგუმენტირებული პასუხის გაცემას ვცდილობთ და არამც და არამც არ ვართ დაკავებული ცესკოს ქება-დიდებით.“ - ამბობს ის.

რა არის დეზინფორმაცია ცესკოს კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით?

დეზინფორმაცია არის იქ, სადაც არის სიცრუე და ტყუილია ცესკოს შესახებ, „მაგრამ ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ მედიასაშუალება იყო დეზინფორმატორი.“ - ამბობს გივი ხაჭაპურიძე.

„ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა“ დეზინფორმაციად მიიჩნია მედიის მიერ გამოქვეყნებული სხვადასხვა ორგანიზაციის განცხადებებიც, რომლებიც ცესკოს აკრიტიკებენენ.

„თუ მიიჩნევენ, რომ Isfed ავრცელებს მათზე არასწორ ინფორმაციას, დეზინფორმაციაა ეს ან მადისკრედიტირებელია ცესკოსთვის, მაშინ ეს ორგანიზაციების დაკვირვების ნაწილში შესატანი ინფორმაციაა. თუ მედიამ ავტორიტეტული ორგანიზაციის განცხადება გააშუქა ეს დეზინფორმაციად მედიისთვის ვერ ჩაითვლება და სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს რეპუტაციას.“ - გვეუბნება „პუბლიკას“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.

გივი ხაჭაპურიძე მიიჩნევს, რომ აქ შესაძლოა მონიტორინგის ანგარიშში გამომოყენებული ტერმინოლოგია იყოს პრობლემა და „ვიზუალურ ნაწილშიც შესაძლებელია ეს ყველაფერი მითითებული ყოფილიყო ისე, რომ აზრთა სხვადასხვაობა არ გამოეწვია“. ის ამბობს, უფრო კონკრეტულები უნდა ვყოფილიყავით, რომ მსგავსი აღქმა არ დარჩენილიყოო.

ცესკოში გამართულ შეხვედრაზე გაირკვა ისიც, რომ თუ ცესკოს შესახებ გავრცელებულ განცხადებას მედია გააშუქებს, ცესკოსთან გადაამოწმებს და მის მხარესაც წარმოაჩენს, მაშინ მედია დეზინფორმაციული მასალების ინფოგრაფიკაში აღარ მოხვდება (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცესკო მათ კითხვებს არ ან ვერ უპასუხებს).

„პუბლიკას“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მონიტორინგის მეთოდოლოგია გაუგებარი და დაუხვეწავია და „ინფორმაციის დაცულობის ცენტრში“ კარგად არ იფიქრეს, როცა ამას „მედიის მონიტორინგს“ არქმევდნენ.

„შეიძლება მედიას შეუფასო ბალანსის საკითხი, სიზუსტის დაცვის საკითხი და ა.შ მაგრამ დეზინფორმაცა ამ მეთოდოლოგიით არ ფასდება“ - გვეუბნება „პუბლიკას“ რედაქტორი.

დღეისთვის „ინფორმაციის დაცულობის ცენტრს“ ცესკოს ვებგვერდზე 2 ანგარიში აქვს გამოქვეყნებული. მონიტორინგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულების ჩათვლით გაგრძელდება, ანგარიშების პერიოდულობა კი საინფორმაციო ნაკადების ინტენსივობაზეა დამოკიდებული. ცენტრში ამბობენ, რომ მონიტორინგის ანგარიშები, სავარაუდოდ, ორკვირიანი ინტერვალებით გამოქვეყნდება.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ