24.09.2021
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეფასებით, შსს-მ დაარღვია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი, რადგან „11 ივლისს სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ვერც ერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით”. გარდა ამისა, ბრიფინგებზე არ იყო განმარტებული, რა კავშირი ჰქონდა ლაშქარავას გარდაცვალებასთან გასაჯაროებულ ვიდეოჩანაწერებს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს-მ ბრიფინგზე გასაჯაროებული ერთ-ერთი აუდიო-ვიდეოჩანაწერი არაკანონიერად მოიპოვა. საუბარია სამედიცინო დაწესებულებიდან ამოღებულ ჩანაწერზე, რომელიც სამინისტრომ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მოიპოვა.
“უდიო-ვიდეოჩანაწერზე წვდომისა და სამედიცინო დაწესებულების კომპიუტერული მოწყობილობიდან მისი გადმოწერის დროს სამინისტროს მიერ არ შედგენილა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ამსახველი რაიმე საპროცესო დოკუმენტი” - წერია განცხადებაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის დარღვევის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებასაც და 500 ლარით დაჯარიმდა.
"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ.