27.09.2021
მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მომზადება ექსტრემალური სიტუაციების გაშუქებისას. 2019 წლის 20 ივნისის დარბევამ, 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივმა თავდასხმამ აჩვენა, რომ მსგავსი მომზადება კიდევ უფრო მეტად არის აუცილებელი.
მედიის მომზადება საფრთხის შემცველ გარემოში სამუშაოდ
ბოლო სამი კვირის განმავლობაში საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის
ქარტიამ, ბრიტანეთის საელჩოს და ტომსონ როიტერსის მხარდაჭერით,
უსაფრთხოების ტრენინგები ჩაატარა ონლაინ მედიის, ტელევიზიის და
რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის.
სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები - ჟურნალისტები, ინსტრუქტორები, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი წარმომადგენლები მონაწილეებს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას. ასწავლიდნენ, თუ როგორ დაინახონ საფრთხეები, პროაქტიულად მოემზადონ რისკების თავიდან ასაცილებლად ან მათი გავლენის შესამცირებლად და მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოიქცნენ საველე მუშაობისას.
სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები თეორიულად და პრაქტიკულად ეცნობოდნენ:
- რისკების მართვას - გარემოს ანალიზი, რისკების შეფასება, უსაფრთხოების გეგმა
- მიტინგების და დემონსტრაციების უსაფრთხოდ გაშუქებას - პროტესტის დახასიათება, საფრთხეები, მოქმედების გეგმა, აღჭურვილობა
- უსაფრთხოებას მივლინებაში და მგზავრობისას - უსაფრთხო მგზავრობა, უსაფრთხოება სასტუმროებში, “ჩექფოინტების” გავლა, ფიზიკური და ციფრული პოლიციური თვალთვალი
- პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას
- და ციფრული უსაფრთხოებას
“ჩვენი ჟურნალისტების დიდი ნაწილი არ არის მზად საფრთხის შემცველი სიტუაციებისთვის” - ამბობს ერთ-ერთი ინსტრუქტორი, უსაფრთხოების საკითხის სპეციალისტი, ირაკლი ანდრონიკაშვილი.
ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილე, Civil.ge-ის ფოტორეპორტიორი გურამ მურადოვი, 20 ივნისის აქციის დარბევისას დაშავდა. მას რეზინის 11 ტყვია მოხვდა ზურგში.
“ტრენინგის მერე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, მოსალოდნელია თუ არა საფრთხე, ყველა შემთხვევაში, ეკიპირება თან უნდა ჰქონდეს რეპორტიორს. 20 ივნისს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ აღჭურვილობა თან არ მქონდა”, - ამბობს მურადოვი და დასძენს, კარგი იქნებოდა, თუ მედია მენეჯერებიც გაივლიდნენ მსგავს წვრთნასო.
მედიების მენეჯერების ტრენინგი ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რათა სწორად მიიღონ გადაწყვეტილება ცხელ წერტილებში გასაშვებად ამა თუ იმ ჟურნალისტის არჩევისას.
“ერთი ჟურნალისტი ვერაფერს შეცვლის, თუ მზაობა არ იქნება მენეჯმენტში, რომ თავიანთი დასაქმებულები დაცულები იყვნენ გადასაღებ მოედანზე” - ამბობს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, სალომე ჩადუნელი, რომელიც ასევე ტრენინგის მონაწილე იყო.
ჟურნალისტები მტრულ გარემოში
2020 წელს ზუგდიდში საქართველოს ბანკს თავს შეიარაღებული მძარცველი დაესხა. ფორმულას „ჟურნალისტ“ სალომე ჩადუნელს, რომელიც ქუთაისში უნივერსიტეტის გახსნის გადასაღებად იყო ჩასული, ზუგდიდში ძარცვის გასაშუქებლად წასვლა მოუწია. ისხენებს, რომ სპეცოპერაციის გასაშუქებლად ჟურნალისტები წინასწარ მომზადებული არ იყვნენ და ადგილზე სწავლობდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ.
“ტრენინგი დამეხმარა იმის გააზრებაში, რომ გადაღებებზე დაუცველი დავდივარ, ვფიქრობ კადრებზე და არა უსაფრთხოებაზე, რაც დიდი შეცდომაა”, - ამბობს სალომე ჩადუნელი.
სწორედ სიტუაციის წინასწარ გაანალიზება და, მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩენამდე, საფრთხეების მაქსიმალურად შემცირება იყო კურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.
ბოლო წლების მოვლენებმა კარგად აჩვენა, რამდენად საფრთხისშემცველია საქართველოში ჟურნალისტის პროფესიაო, ამბობს ირაკლი ანდრონიკაშვილი: “სამწუხაროდ, მედიის წარმომადგენლები ხშირად პირდაპირი სამიზნეები არიან არაკეთილგანწყობილი ჯგუფების თუ სტრუქტურების. საჭიროა მეტი ყურადღება, მუშაობა რისკმენეჯმენტზე და თვითგადარჩენის უნარებზე”.
როგორ მოიქცნენ ჟურნალისტები ექსტრემალურ სიტუაციაში
ტრენინგის ყველაზე საინტერესო ნაწილი მტრულ გარემოში მუშაობის იმიტაცია, სიმულაციური თამაშები იყო. ჟურნალისტებს ჯერ თავდამსხმელებთან გამკლავება, შემდეგ კი დაშავებულების გადარჩენა მოუწიათ.
მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები თეორიულად ორი დღის განმავლობაში სწავლობდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მსგავს სიტუაციებში და იცოდნენ, რომ გადასალახი დაბრკოლებები სიმულაცია იყო, კრიტიკულ სიტუაციებთან გამკლავება ჟურნალისტებისთვის მაინც გამოწვევა აღმოჩნდა. “შეიარაღებული პირების” დანახვისას, ზოგი დაიბნა და გაქცევა სცადა, ზოგმა თავდამსხმელებს გაუაზრებლად თავისი სისუსტეები უთხრა, ზოგმა კრიტიკულ სიტუაციებში პროფესია სულ დაივიწყა, ზოგმა დაშავებულისთვის დახმარების აღმოჩენა ვერ შეძლო, ზოგი კი მეტ-ნაკლებად კარგად გაუმკლავდა.
“დაბნეული და დაძაბული ვიყავი. იმდენად რეალური იყო ყველაფერი, რომ როცა დაშავებულთან მივედი, მართლა მეგონა, რომ ადამიანი უნდა გადამერჩინა”, - იხსენებს რეგიონულ მაიწყებელთა ალიანსის ჟურნალისტი ნატალი ნემსაძე.
მსგავსი სიმულაციები სტანდარტული პრაქტიკაა და მრავალ ქვეყანაში ტარდება, რადგან ტრავმული გამოცდილება ყველაზე ადვილად დამახსორებადია. “რაც უფრო სტრესულია თავდასხმის, მძევლად აყვანის, შეტევის სიმულაცია, უფრო კარგად ამახსოვრდება ადამიანს და შემდეგში უფრო თავდაჯერებულია და მეტად წარმატებით შეძლებს მსგავსი სიტუაციებიდან თავის დაღწევას” - ამბობს ირაკლი ანდრონიკაშვილი.
როგორი პრაქტიკაა საერთაშორისო მედიაში
ტრენინგი კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა, ერთი მხრივ, საკუთარი შესაძლებლობების შესაფასებლად და, მეორე მხრივ, იმის გასააზრებლად, თუ რამდენად არაპრიორიტეტულია მედიამენეჯერებისთვის თანამშრომლების უსაფრთხოება.
“პირველ რიგში, ორგანიზაციულ დონეზე ყალიბდება უსაფრთხოების გეგმა. თანხმდებიან პრინციპებზე, ადგენენ პროტოკოლებს, ყიდულობენ აღჭურვილობას, ავარჯიშებენ ჟურნალისტებს. შემდეგ კი თითოეულ თანამშრომელს ავალდებულებენ მიყვნენ ამ უსაფრთხოების ზომებს”, - ამბობს ერთ-ერთი ტრენერი, სააგენტო Reuters-ის ყოფილი ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი.
მძინარიშვილი იხსენებს შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთი გავლენიანი მედიასაშუალების ჟურნალისტი ყირიმის ოკუპაციის გასაშუქებლად ჩავიდა და იქ აღმოჩნდა, რომ მას სპეციალური მომზადება გავლილი არ ჰქონდა. ის მაშინვე უკან გაიწვიეს და სხვა თანამშრომილთ ჩაანაცვლეს.
მსოფლიოს სხვადასხვა მედიასაშუალებას შემუშავებული აქვს წესები, რის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ ჟურნალისტებმა კონფლიქტურ სიტუაციებში, მტრულ გარემოში მოხვედრისას, საპროტესტო აქციების, ტერორისტული აქტების და სხვა არეულობის გაშუქებისას.
საერთაშორისო მედიებში წინასწარ გაწერილი აქვთ, თუ როგორ უნდა მოემზადონ ველზე გასვლამდე, რა აღჭურვილობა იქონიონ თან, როგორ იმუშაონ უშუალოდ ადგილზე ყოფნისას, რა უნდა მოიმოქმედონ დარბევის დროს და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ სხვადასხვა ტოქსიკური საშუალებებით მოწამვლისგან თავდასაცავად.
ვრცლად: უსაფრთხოების წესები და რჩევები საპროტესტო აქციების გაშუქებისას
“ხშირად რაღაც კადრს და სიუჟეტს უფრო წინ აყენებენ, ვიდრე საკუთარ ან თანამშრომლის სიცოცხლეს, რაც არასწორია” - ამბობს დავით მძინარიშვილი და დასძენს, საქართველოში ადგილობრივი მედია არასერიოზულად და ზერელედ უდგება უსაფრთხოების საკთხებსო:
“ვცდილობთ, რამენაირად დავარწმუნოთ, ავუხსნათ და დავანახოთ, რომ არის საშუალება ვიმუშაოთ უფრო უსაფრთხოდ. ისე მოვახერხოთ კადრის გადაღება და ინფორმაციის მოპოვება უსაფრთხოდ, რომ არ გადავაყოლოთ ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა”.