თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ "ფორმულას" დაყადაღება არც კი დაუშვიათ"
30.09.2021

"ფორმულას" მფლობელის, დავით კეზერაშვილის საქმეზე სარჩელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ "საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება".

სამინისტრო აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში "ფორმულადან" დივიდენდს არ იღებს და, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს.

"მიუხედავად იმისა, რომ დავით კეზერაშვილი თავის კომპანიებს აფინანსებს სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით, რომლებიც სახელმწიფოსთვის საზიანო საქმიანობას ეწევიან, თავდაცვის უწყება კარგად იაზრებს დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე", - წერია სამინისტროს განცხადებაში. 

"თავდაცვის სამინისტრომ" დღეს გაავრცელა განცხადება, რომ „ფორმულას“ მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს ერთ-ერთ საქმეზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ტელეკომპანია „ფორმულას“ მენეჯმენტი აცხადებს, რომ ხელისუფლება არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო ტელევიზიისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას ცდილობს.

დეტალები

თავდაცვის სამინისტრო "ფორმულას" 51%-იანი წილის მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

სარჩელით სამინისტრო ე.წ წვრთნების საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამტყუნებულად ცნობილ კეზერაშვილისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

პროკურატურა დავით კეზერაშვილს თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვაში ედავებოდა.

დავით კეზერაშვილის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა 7 სექტემბეს მიუსაჯა. მანამდე ამავე საქმეზე წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა.

უცნობია, მოითხოვს თუ არა თავდაცვის უწყება ტელეკომპანია "ფორმულას" ქონების დაყადაღებას.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ