01.10.2021
ანგარიშები: სატელევიზო ახალ ამბებს, სატელევიზიო ტოქშოუებს, ონლაინ მედიასა და სოციალურ მედიას მოიცავს.
სამივე შემთხვევაში რამდენიმე ძირითადი მიგნება გამოიკვეთა.
სატელევიზიო ახალი ამბები (5 ივლისი - 25 სექტემბერი, 2021)
• მაუწყებელთა პოლარიზაცია წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა - ტელესივრცე ორ ბანაკად გაიყო. ტელეარხების ნაწილი მიკერძოებულია ხელისუფლებისადმი, მეორე ნაწილს კი ოპოზიციის მიმართ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს;
• მაუწყებლებში მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა გამოიხატებოდა მათთვის არასასურველი პოლიტიკური სუბიექტის ნეგატიურად გაშუქებაში
• სატელევიზიო ახალ ამბებში ხშირად გვხვდებოდა პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულაციის ფაქტები
• ხელისუფლების მიმართ ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას ინარჩუნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი;
• ხელისუფლების და მმართველი პარტიის მიმართ კეთილგანწყობის ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ შემთხვევაში
• წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია რეგიონული ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებების ხარისხი, როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით
• რეგიონული არხების ნაწილი ვერ ახერხებდა ყოველდღიურად მაუწყებლობას.
• რეგიონული არხების ნაწილი ხშირად იყენებს სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების მომზადებულ მასალებს, მკაფიო მინიშნების გარეშე.
• ტელეარხების მიკერძოება კონკრეტული სუბიექტის მიმართ ნათლად ჩანდა ისეთი მნიშვნელოვანი თემების გაშუქებისას, როგორიცაა „5 ივლისის მოვლენები“, „ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა“, „შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება“ და, სავარაუდოდ, „სუსიდან გამოჟონილი ჩანაწერები“.
სატელევიზიო ტოქშოუები (2 აგვისტო - 25 სექტემბერი, 2021)
• წინა წლის მსგავსად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ კრიტიკულად განწყობილ ეროვნულ მაუწყებლებში სტუმრობაზე. ოპოზიციური პარტიები კი, ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილნი ტელეკომპანია „იმედში“.
• ტელეკომპანია „იმედის“ ნარატივები ემთხვეოდა „ქართული ოცნების“ გზავნილებს.
• „TV პირველსა“ და „მთავარ არხზე“ კი, იკვეთებოდა სუბიექტური დამოკიდებულება ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების ნაწილის მიმართ.
• ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წინასაარჩევნო პერიოდში, მაქსიმალურ კომფორტს უქმნიდა მმართველ პარტიას. ხშირად, ტელეკომპანია მხოლოდ ტრიბუნის ფუნქციას ასრულებდა, რომელსაც მმართველი გუნდი საკუთარი გზავნილების ტირაჟირებისთვის და სასურველ თემებზე სასუბროდ იყენებდა.
• საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე თბილისის მერის კანდიდატების დებატებში გადაცემის ფორმატმა მაყურებელს არ მისცა შესაძლებლობა სრულყოფილი ინფორმაცია მიეღო ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად. მერობის კანდიდატები ავრცელებდნენ ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ განცხადებებს, რაზეც წამყვანს არ ჰქონია სათანადო რეაგირება.
• აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“, რომელშიც მერობის კანდიდატები მონაწილეობდნენ, ჟურნალისტის მხრიდან არ ისმოდა დამაზუსტებელი და კრიტიკული შეკითხვები. გადაცემებში ჭარბობდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები.
• ცენტრალური ტელევიზიებისგან განხვავებით, პოლარიზაცია ნაკლებად გამოხატულია რეგიონულ მაუწყებლებში.
ონლაინ მედია ( 5 ივლისი - 25 სექტემბერი, 2021)
• ონლაინ მედიის უმეტეს ნაწილში შეინიშნება სარედაქციო დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი
• ონლაინ მედიაში ნაკლებად იგრძნობა მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაცია. თუმცა, გამოიკვეთა რამდენიმე ვებ-გვერდი, რომლებზეც აშკარად შეინიშნება დადებითი განწყობა სახელისუფლებო გუნდის მიმართ (მაგალითად, mpn.ge, sputnik-georgia.com, interpessnews.ge, knews.ge) ან ოპოზიციის მიმართ (მაგალითად, guriismoambe.com);
• ონლაინ გამოცემების დიდი ნაწილი ცდილობს და ახერხებს, რომ ჯეროვნად დაიცვას ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.
• ჟურნალისტური სტანდარტების მაღალ დონეზე დაცვის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება შეინიშნება ვებგვერდებზე: batumelebi.ge, livepress.ge, netgazeti.ge, news.on.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo.ge და sknews.ge.
• ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით მუშაობს tabula.ge, თუმცა ხშირად გვხვდება ფოტომანიპულაციის შემთხვევები, რომლებშიც მმართველი პარტიის წარმომადგენლები განგებ არიან წარმოდგენილნი დამცინავი თუ დამაკნინებელი ფორმით.
• ჟურნალისტური სტანდარტების უმძიმესი დარღვევის შემთხვევები შერჩეულ ონლაინ გამოცემებს შორის სისტემატურად არის ვებგვერდზე, mpn.ge, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციას ცდილობს.
• მმართველი გუნდის წარმომადგენელთა მიმართ გამოთქმული განსაკუთრებულად შეურაცხმყოფელი განცხადებები ხშირად ქვეყნდება რეგიონულ ვებგვერდზე guriismoambe.com
• პოლიტიკური მოვლენების გაშუქებისას გონივრული ბალანსის დაცვის სტანდარტის დარღვევის შემთხვევები ხშირად გვხვდებოდა ვებგვერდებზე ambebi.ge და sputnik-georgia.com
• ონლაინ მედიაში პრობლემად რჩება პოლიტიკური სპექტრის პლურალისტური და მრავალფეროვანი გაშუქება
• ონლაინ მედიისთვის გამოწვევად რჩება კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალებისგან
• ონლაინ მედიის ყველაზე დიდი გამოწვევა მოვლენების ზედაპირული გაშუქებაა.
• რეგიონული გამოცემების უმრავლესობა ვერ ახერხებს ადგილობრივი მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირებას რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
• წინასაარჩევნო პერიოდში ონლაინ მედიაში გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც უცვლელად და უკომენტაროდ შუქდებოდა გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებები, რომლებიც მიზანმიმართულად აკნინებდა ქალის როლს პოლიტიკაში.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მონიტორინგს გაეროს განვითარების პროექტ „საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის“ ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აწარმოებს.
სატელევიზიო ახალი ამბების შემთხვევაში აკვირდებიან: 14 სატელევიზიო (5 ეროვნულ, 9 რეგიონულ) არხს: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ტვ პირველი, ტვ 25, თრიალეთი, მე-9 არხი, ტვ ოდიში, ტელეკომპანია გურჯაანი, ტვ გურია, ტელეკომპანია რიონი, ტვ 4.
ტოქშოუების შემთხვევაში მონიტორინგდებოდა შემდეგი სატელევიზიო არხები: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, „რუსთავი 2“, „იმედი“, „TV პირველი“, „მთავარი არხი“, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, „TV25“, „რიონი“, „გურჯაანის ტელევიზია“, „გურია TV“, „TV4“, „თრიალეთი“, „ოდიში“, „მეცხრე არხი“.
მედიამონიტორინგისთვის შეირჩა 17 ონლაინ მედიასაშუალება: ambebi.ge, batumelebi.ge, guriismoambe.com, interpressnews.ge, knews.ge, kutaisipost.ge, livepress.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, publika.ge, qartli.ge, radiotavisupleba.ge, reginfo.ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.
მონიტორინგი რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის კომპონენტებისგან შედგება.