21.10.2021
რა მოხდა?
თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმეზე წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის და საქმის არსებითად გადაცემის საკითხები განიხილეს.
„ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ 6 პირს ბრალი დაუმძიმდა.
დაცვის მხარე ბრალდებულების 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატის ბექა თაკალანძის ინფორმაციით, ექვსივე ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
• 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა)
• 156-ე (დევნა)
• და 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა)
წარდგენილ ბრალდებებზე კიდევ ერთი მუხლი - დამამძიმებელ გარემოებებში ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ნაწილში (სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი) დაემატა.
ლექსო ლაშქრავას საქმეზე მომდევნო პროცესი 3 ნოემბერს 14:00 საათზე დაინიშნა.
ვიდეოგადაღება პროცესზე
„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობაში ბრალდებულების საქმის სასამართლოს სხდომაზე გადაღების უფლება „ალტ-ინფოს“ ოპერატორმა მოიპოვა. არხის წამყვანები და მფლობელები 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები არიან.
ინტერნეტ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტი მინდია გაბაძე გვეუბნება, რომ დღეს სასამართლოში 5 ივლისის საქმეებზე მიმდინარე პროცესები სხვადასხვა დარბაზში მიმდინარეობდა და მედიასაშუალებები ფოტო-ვიდეო გადაღებისთვის თავიანთი ჟურნალისტების პროცესებზე შევიდნენ.
მედიასაშუალებები „ალტ-ინფოსგან“ პროცესის ამსახველი მასალის მიწოდებას რამდენიმე საათს ელოდნენ. ამ დროისთვის ჟურნალისტებმა მხოლოდ კადრები მიიღეს.
ვის აქვს გადაღების უფლება?
კანონმდებლობის თანახმად, სხდომის გაშუქების კანონისმიერი უპირატესობით საზოგადოებრივი მაუწყებელი სარგებლობს, თუ ამ უფლებამოსილებით საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს, მაშინ მისით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს.
იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე.
პირი, რომელიც ახორციელებს გადაღებას, ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.
დეტალები
"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ.