„ქართული ოცნება“ თავისი აქციის გასაშუქებლად ჟურნალისტებს აკრედტაციას სთავაზობს
26.10.2021
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 27 ოქტომბერს 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციის გასაშუქებლად ჟურნალისტებს აკრედიტაციას სთავაზობს.

მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა აქციამდე ერთი დღით ადრე პარტიისგან ელექტრონული ფოსტით წერილი მიიღეს, რომელშიც „ქართული ოცნება“ „შემაჯამებელი აქციის“ გასაშუქებლად მედიის წარმომადგენლების გვარის, სახელისა და პირადი ნომრის გადაგზავნას სთხოვს.

როგორც პარტიის პრესსამსახურში განმარტავენ, ღონისძიების გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების პირადი მონაცემები მათთვის ბეიჯების (პრეს ბარათების) დასარიგებლად სჭირდებათ, თუმცა, ასევე ამბობენ, რომ აქციის გაშუქებას ნებისმიერი მედიასაშუალების წარმომადგენელი შეუზღუდავად შეძლებს, განურჩევლად იმისა, ექნებათ თუ არა მათ „ქართული ოცნების“ მიერ დამზადებული ბეიჯი.

რისთვის არის საჭირო ბეიჯები ღია სივრცეში დაგეგმილი აქციის გასაშუქებლად?

კითხვაზე, თუ რატომ განჩნდა ღია სივრცეში დაგეგმილი აქციის გასაშუქებლად მედიის წარმომადგენლებისთვის ბეიჯების დარიგების აუცილებლობა, „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის წარმომადგენელი, ლელა გაბეჩავა გვპასუხობს, რომ „ქართული ოცნების“ ღონისძიებებზე ყოველთვის ასე ხდება.“

არ მახსენდება, რომელიმე ქუჩის აქციაზე აკრედიტაცია დაგვჭირვებოდაო, ამბობს On.ge-ის მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე.

„გამიკვირდა, რომ აკრედიტაციები მოითხოვეს, როცა საუბარია აქციაზე ღია სივრცეში, ქუჩაში, სადაც გადაადგილება ყველა ადამიანს თავისუფლად შეუძლია. უცნაურია მით უფრო, თუ ამბობენ, რომ ამ აკრედიტაციის გარეშეც შეგვიძლია ჩვეულებრივად გავაშუქოთ იქ მიმდინარე პროცესები.“- გვეუბნება on.ge-ის რედაქტორი.

ღოღობერიძე დასძენს, რომ 5 ივლისის მოვლენების გათვალისწინებით, არ იცის რამდენად უნდა ელოდოს საფრთხეებს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებისგან. გამოცემაში ჯერ-ჯერობით არ გადაუწყვეტიათ, გაგზავნიან თუ არა On.ge ჟურნალისტების პირად მონაცემებს აკრედიტაციის მისაღებად:

„ცოტა პრინციპული საკითხიც არის. რატომ უნდა გვჭირდებოდეს აკრედიტაცია აქციაზე? ამიტომ ვფიქრობთ ჯერ გავგზავნოთ თუ არა.“

რეკომენდაციები პრეს ბარათებთან დაკავშირებით

მედიის უსაფრთხოების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციიით, ,,წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ ჟურნალისტებისა და მედიის სხვა აქტორების მიერ დაკისრებული როლის სპეციფიკური ხასიათი და დემოკრატიული მნიშვნელობა კონკრეტულ კონტექსტში, როგორიცაა კრიზისის დროს, საარჩევნო პერიოდში, საზოგადოებრივ დემონსტრაციებსა და კონფლიქტის ზონებში.

ამ კონტექსტებში სამართალდამცავი ორგანოებისთვის მნიშვნელოვანია პატივი სცენ ჟურნალისტებისა და სხვა მედიის წარმომადგენლების როლს, რომლებიც აშუქებენ დემონსტრაციებსა და სხვა მოვლენებს. პრესის ან პროფესიული გაერთიანების წევრობის დამადასტურებელი ბარათები, შესაბამისი აკრედიტაცია და ჟურნალისტის სამკერდე ნიშანი სახელმწიფო ორგანოებმა უნდა მიიღონ, როგორც ჟურნალისტობის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო თუ შეუძლებელია, რომ ჟურნალისტმა ან სხვა მედია აქტორმა წარმოადგინოს პროფესიული დოკუმენტაცია, სახელმწიფო ორგანოებმა ყველა შესაძლო ძალისხმევა უნდა გასწიონ მათი სტატუსის დასადგენად.”

„შეკრების მიმდინარეობისას მედია აქტორების და დამკვირვებლების უსაფრთხოების“ შესახებ სახელმძღვანელოში წერია, რომ ამ რეკომენდაციის შესაბამისად აქციებისა და დემონსტრაციების დროს დამატებითი აკრედიტაციის გავლა არ არის საჭირო და საკმარისია მედიის წარმომადგენლობის დამადასტურებელი ბარათის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის ჩვენება.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ