რას ედავება “მთავარ არხს” კომუნიკაციების კომისია?
28.10.2021
კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხის” მოწოდება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებაზე, წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია და მაუწყებელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

ტელეკომპანია კი ამტკიცებს, რომ ვიდეორგოლები არა რეკლამა, არამედ არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში გამოხატული სამოქალაქო პოზიციაა.

რა მოხდა?

კომუნიკაციების კომისიის აუდიო ვიზუალური მედიამომსახურების დეპარტამენტმა მონიტორინგისას “მთავარი არხის” ეთერში გასული ორი ვიდეორგოლი სარეკლამო მასალებად და წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კოდექსის დარღვევად მიიჩნია. ერთი ვიდეო მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოწოდებას შეიცავდა, მეორე კი - 14 ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დასწრების მოწოდებას.

კომინიკაციების კომისია “მთავარი არხის” საქმის განსახილველად 27 ოქტომბერს შეიკრიბა. რხის დირექტორმა თამთა მურადაშვილმა კომისიას სხდომის გადადებაზე შუამდგომლობით მიმართა, ტელეკომპანიის წამრომადგენელს სხდომაზე დასწრება სურდა და ამას დანიშნულ დროს ვერ ახერხებდა. კომისიის აპარატმა საქმის გადადებაზე უარი თქვა “შემჭიდროებული დროის” მიზეზით.

“მთავარი არხის” წერილობითი პოზიცია წევრებს სხდომაზე კომისიის თანამშრომელმა გააცნო. წერილის მიხედვით, “სადავო ვიდეორგოლები დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში გამოხატული მათი სამოქალაქო პოზიცია და ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქტია.”

„კომუნიკაციების კომისიას არ აქვს უფლება, აგვიკრძალოს მოშიმშილე პატიმრის მხარდამჭერი და ზოგადად ჩვენი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა“ - ასე უპასუხა “მთავარმა არხმა” კომისიას.

რას ამტკიცებს მარეგულირებელი

საარჩევნო კოდექსში წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა განმარტებულია, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასულ ისეთი შინაარსის რეკლამას, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას ან ხელის შეშლას.

ამავე რეგულაციით, წინასაარცევნო რეკლამად ითვლება მასალა, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს.

მიუხადავად იმისა, რომ არც ერთ ვიდეო რგოლში არ ჩანდა არც საარჩევნო სუბიექტი და არც არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, კომუნიკაციების კომისიამ ვიდეოები წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამად მიიჩნია.

„ორივე რგოლი შეიცავს საარჩევნო კამპანიის ნიშნებს და შინაარსობრივად განეკუთვნებიან პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამის კატეგორიას, თუმცა ორივე განთავსებულია საარჩევნო კოდექსის დარღვევით“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

შეფასება

კოალიციის, „მედია ადვოკატირებისთვის“ კორდინატორი ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილი ოქმები სადავოა და “მთავარი არხის” ვიდეორგოლები პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს არ შეიცავს. მარეგულირებელი კომისიის შეფასებას და მაუწყებლის მუშაობაში ჩარევას კი საფრთხედ აფასებს.

კომუნიკაციების კომისიის სხდომას ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) წარმომადგენელი შოთა ქობალია ესწრებოდა. მისი შეფასებით, „#თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს” სოციალური კამპანიის ნაწილია. და არა პოლიტიკური რეკლამა.

„არათუ ნიშნებს შეიცავს [პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს], არამედ სრულყოფილად ჩამოყალიბებული პოლიტიკური რეკლამაა და დაუშვებელია იმ ფორმით იყოს განთავსებული, რა ფორმითაც არის” - თქვა სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.

მისივე განმარტებით, ეს მხოლოდ მისი პოზიციაა და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ ოქმს თიბლისის საქალაქო სასამართლო 29 ოქტომბერს განიხილავს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ