"მთავარი არხის" ორმა ჟურნალისტმა მუქარის წერილი მიიღო
01.11.2021
31 ოქტომბერს, “მთავარი არხის" ჟურნალისტებმა, დეა მამისეიშვილმა და გიორგი ახალკაცმა უცნობი ადამიანებისგან მუქარის წერილები მიიღეს. ორივე მათგანმა პოსტი საჯაროდ გამოაქვეყნა ფეისბუქზე. შინაგან საქმეთა სამინისტროდან კი მათ ჯერ არავინ დაკავშირებია.

რა მოხდა?

“მთავარი არხის” ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს 31 ოქტომბერს, საღამოს, ოპოზიციის აქციის გაშუქების შემდეგ, ფეისბუკზე მუქარის შემცველი წერილი მიუვიდა.

“როგორც მიშას ყავდა კოდუები და ახალაიები დღეიდან აი ზუსტად ასეთი ახალაიები და კოდუები დაიბადნენ ოცნებაშიც, ხოდა მალე იხილავთ გრანდიოზულ კონცერტებს […] იმენნა დღეს დაიბადდნენ ოცნებაშიც ახალაიები და კოდუები… გუშინ არ იყო, დღეიდან იქნება” (რედაქციის შენიშვნა: წერილის სტილი დაცულია) ასე მთავრდებოდა გრძელი შეტყობინება არაიდენტიფიცირებადი ფეისბუქ ანგარიშიდან.

ეს ანგარიში, სახელად Lasara Lorente, რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა და მის გვერდზე ვერ ნახავთ ინფორმაციას, რითაც მისი ვინაობის დადგენა იქნებოდა შესაძლებელი.



მუქარის შემცველი შეტყობინება 31 ოქტომბერს მთავარი არხის გორის ბიუროს ჟურნალისტმა, გიორგი ახალკაცმაც მიიღო. მას წერილი ნაშუადღევს, სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე მიუვიდა.

ახალკაცი ამ მუქარას წინა დღეს, არჩევნების მეორე ტურის გაშუქებასთან აკავშირებს, როდესაც მან ქარელის მუნიციპალიტეტში დარღვევებზე საუბრობდა.. წერილის ავტორი მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა და შეხვედრას სთხოვდა.

“ე.წ. “რაზბორკაზე” მიბარებს. მეძახის სააკაშვილის მონას და მთხოვს შეხვედრას, რათა “მასწავლოს კაცობა“ - ყვება გიორგი ახალკაცი.



დეა მამისეიშვილს არაიდენტიფიცირებადი პირებისგან მსგავსი წერილები ფეისბუკზე აქამდეც ხშირად მიუღია, თუმცა მაშინ ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, ან ავტორები მას სოციალურ ქსელზე მანამ ბლოკავდნენ, სანამ რეაგირებას მოასწრებდა.

“ადრე მწერდნენ ხოლმე, “მოგაკითხავთ, ჭკუას გასწავლითო”. ჩემთვის ყველა მუქარა საყურადღებოა, მაგრამ ბოლო მონაწერმა ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია: [ავტორს] ისე ჰქონდა ტექსტი ჩამოყალიბებული, თითქოს, ზუსტად იცოდა, ვის ელაპარაკებოდა, ვისთან უნდა გაევლო პარალელები და მის სიტყვებში ირონია ჩანდა.” - ამბობს ჟურნალისტი.

გამოძიება

“მსგავსი მუქარები ჟურნალისტების სიცოცხლისთვის რისკის შემცველია. აუცილებელია, რომ საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა”, - ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.

არც მამისეიშვილს და არც ახალკაცს სამართალდამცავი უწყებებისთვის არ მიუმართავთ, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოძიების დაწყების საფუძველი შესაძლებელია, მასმედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციაც იყოს.

ორივე ჟურნალისტმა პოსტი საჯაროდ გამოაქვეყნა ფეისბუკ გვერდზე და ამის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიითაც გავრცელდა.

“ახლა ჩემი ინიციატივით მიმართვა აღარ არის საჭირო. ველოდები არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ნებას” - ამბობს დეა მამისეიშვილი.

მამისეიშვილი ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებსაც ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ. ის ამბობს, რომ გამოძიებისადმი დღეს სკეპტიკურადაა განწყობილი, რადგან მასზე თავდამსხმელები “დღემდე დაუსჯელები არიან”. “როდესაც ჩვენების მისაცემად მივედი, გამომძიებელს ვუთხარი, რომ მუქარის წერილებს ვიღებდი. თუმცა, ეს მთლიანი კომპლექსური საქმის ნაწილია და მეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს“ - ყვება ჟურნალისტი.

სამართალდამცავი უწყებებიდან ჯერ არავინ დაკავშირებია გიორგი ახალკაცსაც. ჟურნალისტი ამბობს, თავად მიმართვას არ აპირებს - ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე, არ მჯერა, რომ ამ საქმეს გამოიძიებენო.

„ეს მუნიციპალიტეტი ქარელის პოლიციას ექვემდებარება, რომელსაც თაროზე აქვს შემოდებული ჩვენს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმე. რამდენიმე თვის წინ მომპარეს მიკროფონი და ეგეც არ არის გამოძიებული.” - ყვება ახალკაცი.

გიორგი ახალკაცმა მიკროფონის მოპარვის შესახებ ინფორმაცია 5 აგვისტოს გაავრცელა. შსს-მ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. მეორე შემთხვევა კი, რომელსაც ჟურნალისტი იხსენებს, 15 სექტემბერს მოხდა. როდესაც, “ქართული ოცნების” შტაბში მისულ “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს პარტიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, რა დროსაც არხის ოპერატორი დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ არცერთ ჟურნალისტს არ დაკავშირებია. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საქმის დეტალების გარკვევისთანავე დაგვიკავშირდებიან.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ