რეკლამებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი 2021 წლის მესამე კვარტალშიც “იმედმა” მიიღო
09.11.2021
ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, შემცირდა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, თუ ამ წლის მეორე კვარტალში ტელევიზიებმა რეკლამით 21.3 მილიონი ლარი გამოიმუშავეს, მესამე კვარტალში ეს რიცხვი 20 მილიონამდე ლარამდე შემცირდა. პირველ კვარტალში კი ტელევიზიების ჯამური სარეკლამო შემოსავლები 14,5 მილიონი ლარი იყო.

alt
რეკლამებიდან ყველაზე მეტი - 5.9 მილიონი ლარი, კვლავ ტელეკომპანია “იმედმა” მიიღო. “იმედს” მოსდევს „მთავარი არხი“ - 2.8 მილიონი ლარით, „რუსთავი 2“ - 2.4 მილიონი ლარით და „ტელეკომპანია პირველი“ - 1.9 ლარით. 1.7 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა „პოსტივის“, „ფურმულამ“ კი - 1.1 მილიონი ლარი მიიღო.

2021 წლის პირველ ცხრა თვეში, “იმედს” რეკლამებიდან ჯამში 18 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. რაც თითქმის 2,5-ჯერ აღემატება “რუსთავი2-ისა” და “მთავარი არხის” ამავე პერიოდის შემოსავლებს.

სარეკლამო შემოსავლები პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოფინგს მოიცავს.

2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, მცირედით, 1.735 მილიონიდან 1.77 მილიონ ლარამდე გაიზარდა რადიოების შემოსავალი. აქედან ყველაზე მეტი - თითქმის ერთი მილიონი ლარი რადიო “ფორტუნამ” მიიღო.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ