იუსტიციის მინისტრის ბრიფინგზე ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედია ვერ მოხვდა
11.11.2021
იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მედიის ნაწილი ვერ მოხვდა. „მთავარ არხს“ დაგეგმილი ბრიფინგის შესახებ სამინისტროს პრესსამსახურიდან არ შეატყობინეს, „ფორმულას“ ბრიფინგის შესახებ 10 წუთით ადრე აცნობეს, „ტვ.პირველის“ ჟურნალისტი კი ბრიფინგის ბოლო წუთზე შეუშვეს.

რა მოხდა?

იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძის ბრიფინგი საქართველოს მესამე პრედიზენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს წერილის შესახებ, 11 ნოემბერს, 13 საათსა და 12 წუთზე დაიწყო. ბრიფინგზე იყვნენ „“საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „იმედის“, „რუსთავი 2-ისა“ და „პოსტვის“ ჟურნალისტები, თუმცა ბრიფინგის შესახებ მედიასაშუალებების ნაწილმა არაფერი იცოდა. მათ შორისაა „მთავარი არხი“ და „ფორმულა“.

ტელეკომპანია „პირველს“ სამინისტროს პრესსამსახურმა ბრიფინგის შესახებ დაწყებამდე 10 წუთით ადრე შეატყობინა. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გვიყვება, რომ იუსტიციის სამინისტროში ბრიფინგის შესაძლო ჩატარების შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებიდან გაიგეს. ამის შემდეგ, 12:43 საათზე მათ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ნატალია მახვილაძეს ინფორმაციის დასაზუსტებლად დაურეკეს, თუმცა მახვილაძემ მათ ზარს არ უპასუხა, რამდენიმე წუთში მისწერა, რომ ბრიფინგის დაგეგმვის შემთხვევაში არხს აცნობებდა.

„ამ დროს უკვე ბრიფინგიც დაგეგმილი იყო, სამთავრობო მედია - გაფრთხილებული და უკვე იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიაზე იყვნენ. 13:00 საათზე ნატა მახვილაძისგან შემოვიდა შეტყობინება, როდესაც მინისტრი უკვე ბრიფინგისთვის ემზადებოდა, რომ დავძრულიყავით.“, - ამბობს მელაძე.

ბრიფინგზე მისასვლელად და გასაშუქებლად 10 წუთით ადრე შეტყობინება გონივრული ვადა არ არისო, ამბობს „ტვ. პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს ბრიფინგის შესაძლო დანიშვნის შესახებ დაუკავშირდა „ფორმულაც“, უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი მათაც დაჰპირდა, რომ ბრიფინგის დანიშვნის შემთხვევაში შეატყობინებდა. „ტვ პირველის“ მსგავსად დაგეგმილი ბრიფინგის შესახებ პრესსამსახურისგან 10 წუთით ადრე გაიგეს. არხის გადამღებმა ჯგუფმა მინისტრის ბრიფინგზე მისვლა ვერ მოასწრო.

როდის შეუშვეს „ტვ. პირველის“ ჟურნალისტი ბრიფინგზე

ბრიფინგის მიმდინარეობისას იუსტიციის სამინისტროსთან მისული „ტვ. პირველის“ ჟურნალისტი, გიორგი ხუხია, დაცვამ შეაყოვნა.

„როგორც კი დავალება მივიღე, წავედი სამინისტროში. 2 წუთში ადგილზე ვიქნებოდი და გზიდან პერიოდულად ვურეკავდი ნატა მახვილაძეს, რომ რამე შეფერხება, რომ მქონოდა, ვინაიდან ვიცოდი მალე იწყებოდა ბრიფინგი, არ დამეგვიანა ან ცოტა რომ დამლოდებოდნენ იმიტომ, რომ ხდება ხოლმე ასე, რომ ერთმანეთს ველოდებით.“ - გვიყვება გიორგი ხუხია.

ის ისხსენებს, რომ გზიდან მახვილაძეს რამდენჯერმე დაურეკა, შეტყობინებაც გაუგზავნა თუმცა პასუხად მიიღო, რომ ვერ შეუშვებდნენ და მასალა ტელეკომპანია „იმედისგან“ აეღოთ.

ხუხია ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი შენობიდან დაცვას ანიშნებდა, რომ ბრიფინგზე არ შეეშვათ. ჟურნალისტი სამინისტროს ცენტრალური შესასვლელიდან მეორე შესასვლელისკენ გადაამისამართეს, თუმცა დაცვამ არც იქიდან შეუშვა.

„არ მიშვებდნენ, ერთმა ტანსაცმელზე მომქაჩა, სამი კაცი წინ გადამიდგა, კარი დავიჭირე იქნებ არ დავაკეტინო-მეთქი, იყო მთელი გაწევ-გამოწევა“ - იხსენებს ხუხია.

„ტვ. პირველის“ ჟურნალისტი ბრიფინგზე მხოლოდ მაშინ შეუშვეს, როდესაც მინისტრმა გამოსვლა დაასრულა და დარბაზიდან გადიოდა. ის მინისტრს გაჰყვა და კითხვების დასმა სცადა, თუმცა პასუხები ვერ მიიღო.

ხუხია იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს მუქარაშიც ადანაშაულებს: „ნატა მახვილაძე დამემუქრა, პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნებით. გამოსაქვეყნებელი მაგაში რა არის, ოდესღაც რომ სივი მქონდა გაგზავნილი იუსტიციის სამინისტროში.“

ტელეკომპანია „პირველში“ ამბობენ, რომ იუსტიციის სამინისტროსთან ასეთი კომუნიკაცია პირველი არაა და ეს „დამკვიდრებული პრაქტიკაა“.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებით, იუსტიციის სამინისტროში დაგეგმილი ბრიფინგის ანონსი არ მიუღია ზოგიერთ ონლაინ მედიასაშუალებასაც.

კოალიცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

"მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს.", - წერია განცხადებაში

„მედიაჩეკერი“ იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნატალია მახვილაძეს, დაუკავშირდა, თუმცა მისგან კომენტარი ვერ მიიღო.


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ